ერთა ლიგიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა არ გამოგვივიდა. ახლა რჩება კლასიკური მეთოდი – შესარჩევი ეტაპი, რაც ბევრად რთული გზაა. 13 დეკემბერს წილისყრაა და იმედით ველოდებით.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი განახლებულად და განსხვავებულად ჩატარდება.
54 ევროპული ნაკრები 12 ჯგუფში გადანაწილდება (10-ის ნაცვლად).
6 ნაკრებს მოუწევს 5-გუნდიან ჯგუფში თამაში, ხოლო 6 ნაკრები – 4-გუნდიანში მოხვდება.
5-გუნდიანები ტურნირს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო 4-გუნდიანები – სექტემბერში.
ჯგუფები ნოემბერში დასრულდება.
12 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორე ადგილზე გასული 12 ნაკრები და ერთა ლიგაზე 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი (სულ 16 ნაკრები) 4 საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებენ. ეს მატჩები 2026 წლის მარტში იქნება.
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაშია.
პირველ კალათაში ცხადია გრანდები არიან, მაგრამ აქაც შეიძლება შედარებით სასურველი მეტოქის გამორჩევა. ხელწამოსაკრავი გუნდები არც მეორე კალათაში არიან, მაგრამ არიან ისეთები, ვისთანაც უფრო გამოგვდის თამაში ან პირიქით. აი მეოთხე და მეხუთე კალათის (თუ მოგვიწია) წარმომადგენლებთან კი ქულები მაქსიმალურად უნდა დავაგროვოთ.
მოკლედ, პირველისთვის თუ არა მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეიძლება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings