გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა და „გრანადას“ ლა ლიგა 2-ის გასვლით შეხვედრაში „ელდენსეს“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.
ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ყვითელი ბარათი კი მიიღო, მაგრამ ესპანურ გუნდში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა – Flashscore – 7.7; Sofascore – 7.4.
წიტაიშვილმა თავი 62-ე წუთზე გამოიჩინა. გასწვრივი გადაცემის შემდეგ დროულად იმოქმედა და ანგარიში 2:0 გახადა.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
კლუბი გიორგის გოლს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით გამოეხმაურა: „მტაცებელი მგელი“.
ელდენსე – გრანადა 0:3
გოლები: 0:1 სტოიჩკოვი (42), 0:2 წიტაიშვილი (62), 0:3 ბრაუ (90+1)
„გრანადამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 40 ქულით მე-8 ადგილზეა და 8 თებერვალს „მირანდესს“ უმასპინძლებს. გუნდი პლეი ოფის ზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
კვიპროსზე, „ნეა სალამინასა“ და „არისის“ შეხვედრაში (2:2) გიორგი ქვილითაია შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე და თავის გუნდს ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილებაში დაეხმარა: მეტოქის საჯარიმოში ქაოსით ისარგებლა, ბურთი კარში შეაგორა და ანგარიში გაათანაბრა.
ეს ქვილითაიას მე-7 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
საბერძნეთში, ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ შინ 1:1 ითამაშა „ვოლოსთან“. საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 სეივი შეასრულა. პირველ ტაიმში გააფრთხილეს. შეფასება – 6.9.
საბერძნეთშივე, ლევან შენგელიას ოფი გრანდ „პანათინაიკოსს“ ესტუმრა და 2:3 წააგო. ქართველი შემტევი დისკვალიფიცირებული იყო.
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ 0:0 იკმარა „რაკოვთან“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 7.1.
ავსტრიის თასზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველი ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings