in

მსოფლიომდე ერთი ნაბიჯია: ნიდერლანდებს მოვუგეთ, დარჩა ისლანდია

Netherlands - Georgia , 23 February 2023 Topsportcentrum Almere © Robert Verboon 2022

ძალიან მალე, კვირა საღამოს, საქართველო შესაძლოა მსოფლიოს ნაწილი გახდეს. პირველად ისტორიაში კალათბურთელები მსოფლიო პირველობაზე გავლენ.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდები დაამარცხა 88:80 და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ერთი მატჩის მოგებაღა აშორებს. ილიას ზუროსის თქმით, ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდებთან პროფესიონალურად მოიგო. გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში, თბილისი არენაზე, 26 თებერვალს დაიწყება და იმედია თამაშის შემდეგ საზეიმოდ გვექნება საქმე. მეტოქე ისლანდიაა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში, რეიკიავიკში დაძაბულ ბრძოლაში, 88:85 დაამარცხა.

ამასობაში სასიამოვნო ამბები მოვიდა იმ ქალაქებიდან, სადაც ჩვენი ჯგუფის მატჩებში საქართველოს მეტოქეები თამაშობდნენ. იტალიამ უკრაინას 85:75 მოუგო და სლავებს მსოფლიოზე გასვლის შანსები გადაუწურა, ხოლო ჩვენმა კიდევ ერთმა და უფრო რეალურმა კონკურენტმა ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო და ჯგუფში მათემატიკურად ასეთი ვითარება შეიქმნა: საქართველოს ნაკრებმა 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან 2 ქულაზე მეტით თუ არ წააგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, თუმცა, წაგება გაგონებაც არავის უნდა.

ზუროსის სიტყვები, რომ საქართველომ პროფესიონალურად მოიგო ნიდერლანდებში. მთავარმა მწვრთნელმა იგულისხმა ის, რომ ჩვენს ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოგება მეტოქეზე მეტად სჭირდებოდა და კლასის ხარჯზე სასურველს შედეგ მიაღწია. საქართველოს ნაკრები რომ ჰოლანდიაზე მაღალი კლასის გუნდია, ეს შემადგენლობიდანაც ჩანდა. ბენილუქსელებს ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე აკლდათ და რაკი ამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოში არავითარი შანსი არ აქვთ, ნაკრებში ახალგაზრდებს უხმეს. უხმეს და 20 წლის იანიკ კრააგმა 3 სამიანი და 23 ქულა ჩააგდო, ხოლო 21 წლის კეი ვან დერ ვურსტმა 4 სამქულიანი და 21 ქულა.

სწორედ სამქულიანები იყო ის იარაღი, რითაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს და ზოგადად, მთელი თამაში გვანერვიულეს. თავად განსაჯეთ: პირველ ნახევარში ნიდერლანდელებმა 9 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 1 და ამის ფონზე, მასპინძლები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 7 ქულით იგებდნენ. აშკარა იყო, რომ სხვა კომპონენტში ნიდერლანდელებს შანსი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შერმადინზე ბევრად მაღალი ცენტრით დაიწყეს თამაში, სამწამიანში მასპინძლებს არაფრის შანსი არ ჰქონდათ. ერთადერთი იარაღი სამქულიანი სროლები ჰქონდათ და ბედად, ჩვენს კალათბურთელებს შორიდან სროლა არ წაუვიდათ, ხოლო დიდი მცდელობის მიუხედავად, პერიტიმეტრი სათანადოდ ვერ გადაკეტეს.

როცა მასპინძლები რამდენიმე შეტევას გააცუდებდნენ, საქართველოს ნაკრები ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს ნიდერლანდელებმა სამქულიანიც ჩააგდეს, ეგრეთწოდებული AND1-ის და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე ნახევარი წამების განახლებული იყო, როცა მასპინძლებმა 2+1-ქულიანი შეტევა განახორციელეს და 10-ქულით დაწინაურდნენ – 45:35. ეს უკვე განგაშის ზარს ჰგავდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, ქართველები დიდი შესვენებიდან ისეთი მომართულნი დაბრუნდნენ, მესამე პერიოდში შეუჩერებლები გახდნენ. თად მაკფადენმა წამებში 2 ერთნაირი სამქულიანი ჩააგდო, შენგელია და შერმადინიც ტრადიციულად სტაბილურად თამაშობდნენ და არასრულ 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

მალე ანგარიშიც გათანაბრდა და 31:20 მოგებული მესამე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით – 66:62 დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში მასპინძლებს სამქულიანი სროლების მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ანგარიში ისევ გაათანაბრეს, თუმცა მეტი კლასისა და გამოცდილების მქონე საქართველომ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა. ჩვენმა ნაკრებმა შენგელიასა და შერმადინის ლიდერობით, რომლებსაც ზურგს დუდა სანაძე, თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი და ჩვენი გუნდის წევრები უმაგრებდნენ, ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობა კომფორტულად შეინარჩუნეს და დამაჯერებელ გამარჯვებამდე მივიდნენ – 88:80.

Netherlands – Georgia , 23 February 2023 Topsportcentrum Almere © Robert Verboon 2022

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც გასახდელიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა და ბოლონიაში გაფრინდა, სადაც 24 თებერვალს ევროლიგაში ბასკონიასთან მატჩი ელის. შენგელიამ 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინის ანგარიშზე 22 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა მიითვალა თად მაკფადენმა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. ბექა ბურჯანაძე ნაკრებს მნიშვნელოვანი 4 ქულით შეეწია, დუდა სანაძემ შეხვედრა 3-3 ქულით, მოხსნითა და პასით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებიდან ჩარტერული რეისით გამოფრინდება და თბილისში დილის 11:00 საათზე იქნება. პარასკევს და შაბათ ილიას ზუროსი ჩვენს გუნდს თბილისი არენაზე ავარჯიშებს, ხოლო 26-ში ისტორიული მნიშვნელობის მატჩია: საქართველო – ისლანდია!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი rugby europe-ს ჯგუფური ეტაპის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან

დავივიწყოთ ნიდერლანდები, მოვემზადოთ ისლანდიისთვის – მაქსიმალური მობილიზება