საქართველოს ნაკრები ხვალ ერთა ლიგის B ლიგაში ოფიციალურად შეინარჩუნებს ადგილს. სომხეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით და ერევნის მოგებულ 3:0-ს გავიმყარებთ. დღეს კი ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჩვენმა მწვრთნელმა გარკვეული ცვლილებები დაანონსა.
ვილი სანიოლი:
„3:0-ის მოგების მიუხედავად, მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.
რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, ერევანში უკვე ნახეთ, სამომავლოდ რა სქემის გამოყენებას ვაპირებთ.
ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ დასვენების საშუალებას მივცემთ და არ ითამაშებს.
მეკარის პოზიცია განსხვავებულია და ლუკა გუგეშაშვილს შანსი ივნისის ამხანაგურ მატჩებში ექნება. ლაცაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, უკრაინაში ახლახანს წავიდა. ძალიან თავმდაბალია, ბევრს მისმენს და სწავლობს, მომავალში შანსი აუცილებლად ექნება. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. საბა გოგლიჩიძემ დაცვის ცენტრში კარგად ითამაშა და მისი იმედი მომავალშიც გვაქვს.
მაგრამ ხვალ ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვინდა, ამიტომ ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებთ.
გუნდში იდეალური გარემოა, რაც წარმატებისთვის მთავარია“.
საქართველო-სომხეთის ხვალინდელი მატჩი „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings