საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა და ერთგვარად აღმოჩენამ გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! რთულია, გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთი მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი.
ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, ან და, ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ჩამომირთმევია ხელი, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე. ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.
მეორე მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი, რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით, რომელთა წინააღმდეგ “ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს…
თუმცა, ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს, საბოლოოდ, ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა.
ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე, როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს…
მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა”.
GIPHY App Key not set. Please check settings