in

მოვივლით ყველა რეგიონს და აღმოვაჩენთ ტალანტებს: GCL – ახალი ძალა ქართულ MMA-ში

Georgian Combat League (GCL) – ახალი სპორტული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, გიორგი კაბულაშვილის ხელშეწყობით დაარსდა.
ლიგის მიზანია ქვეყანაში შერეული საბრძოლო ხელოვნებების განვითარება, რეგიონებში ახალი ტალანტების აღმოჩენა და ქართული MMA-ს მიმართ მსოფლიო დონის ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა.

GCL-ის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ბოჭორიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მისია ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო კარიერისკენ გზის გაკვალვაში ხელშეწყობაა.

„იმისთვის, რომ ეს ნიჭი არ დაიკარგოს, ჩვენ თავად ჩავდივართ მათთან,“ – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.

Georgian Combat League-ის ღონისძიებებზე გაიმართება როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური ორთაბრძოლები. ლიგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონისა და დაუმარცხებელი მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის თქმით, GCL-ის ივენთებს განსაკუთრებულ უნივერსალურობას ანიჭებს გრეპლინგის მატჩების ჩართვაც, რაც საქართველოს გრეპლინგის ფედერაციასთან და მის პრეზიდენტ კობა ტყეშელაშვილთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ორგანიზაციას ოფიციალურად შვიდი ღონისძიება აქვს დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ტურნეები გაიმართება ქუთაისში, სვანეთში, გორში, რუსთავში, თელავში, მარნეულსა და ბათუმში.

Georgian Combat League-ის პირველი ღონისძიება ქუთაისში ჩატარდება, ხოლო დასკვნითი ივენთი წლის ბოლოს თბილისში გაიმართება. ღონისძიებას UFC-ის ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ილია თოფურიას მენეჯერი ინიგო პერესი დაესწრება, რაც ლიგის საერთაშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს.

„GCL ლიგის სპორტსმენები სწორედ აქედან გაიკვალავენ გზას მსოფლიო ასპარეზზე,“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

სპორტსმენების დამატებითი მოტივაციის მიზნით, ტურნირების ფარგლებში, როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ დონეზე, გაიმართება საჩემპიონო ორთაბრძოლები, რომელთა გამარჯვებულებიც სატიტულო ქამრებს მოიპოვებენ.
Georgian Combat League 2026 წლის რეგიონალური ტურნის შემდეგ, მომავალ წელსაც გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებების გაგრძელებას და ქართული MMA-ს განვითარების პროცესში კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.

„ავტორადიოს“ ეთერში გამართულ ინტერვიუში, დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა საკუთარ პროფესიონალურ კარიერაზეც ისაუბრა. 7:0 რეკორდის დაფიქსირების შემდეგ, ქართველიშვილმა ესპანური შერეული საბრძოლო ხელოვნებების ლიგის – WOW-ის ყურადღება მიიქცია.
მებრძოლის კარიერით უშუალოდ დაინტერესდა UFC-ის ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ილია თოფურიას მენეჯერი ინიგო პერესი, რის შედეგადაც გიორგი ქართველიშვილმა WOW-თან ექვსბრძოლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ქართველიშვილი პირველი ორთაბრძოლის დანიშვნას უახლოეს კვირებში ელოდება, რაც მის კარიერაში ახალ, საერთაშორისო ეტაპს აღნიშნავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გამოვიდა; საქართველომ რუმინეთთან წააგო და 8-ში ვერ მოხვდა

შვედებმა მოგვიგეს, ცხოვრებაძე საუკეთესო გახდა: დარჩა ჩვენსავით უქულო ნიდერლანდები – ვიდეო