in

მოვიგეთ! მოვიგეთ! საქართველომ პორტუგალიას მოუგო და 1/8 ფინალშია: ღმერთო, ეს რა ხდება!

დაუჯერებელია, სასწაულია! საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას მოუგო და 1/8 ფინალში გავიდა.
სიტყვებით ურთულესია ამ ემოციის გადმოცემა. ქართული ფეხბურთის და სპორტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება ჩავიწერეთ, მთელ ევროპას, მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, სული, ახლებურად დავანახეთ საქართველოს დიდება.

დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!

ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნით მატჩში საქართველოს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. უკვე გასული პორტუგალია გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, თუმცა იყო მარად დაგეშილი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ფეხი არ გავანძრევინეთ და გაბრაზებულმა დატოვა მოედანი.

ერთ დროს პატარა ქართველი ბიჭუნების კუმირი ამ ბიჭებმა უსახელოდ გააუშვეს მოედნიდან. ასე ხდება ოცნებები და სასწაულები.

მადლობა ყველას, ყველა მაგარი იყო, მამარდა ისევ ბრწყინავდა, მაგრამ საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეკუთვნის ხვიჩა კვარაცხელიას. ის დღეს იყო ის, რასაც მისგან ველით: ხვიჩა იყო დღეს ლიდერი.

ევრო 2024. F ჯგუფი. III ტური

საქართველო – პორტუგალია 2:0
26 ივნისი. გელზენკირხენი. “არენა აუფშალკე”. 49 466 მაყურებელი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალო, დანილო, ანტონიო სილვა (66. სემედუ), ინასიუ, ნეტო (75. დიოგო ჟოტა), პალინია (46. რუბენ ნევეში), ჟოაო ნევეში (75. მატეუშ ნუნიეში), ჟოაო ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო (66. გონსალო რამოში)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გაფრთხილება: რონალდო (28), ნეტო (44), რუბენ ნევეში (53), მექვაბიშვილი (85)
არბიტრი: ს. შერერი (შვეიცარია)

უეფა-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ხვიჩა კვარაცხელია

საქართველო 30 ივნისს 1/8 ფინალში, ქალაქ კიოლნში ესპანეთს ეთამაშება. ეს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფია. იქ საქართველოცაა.

პირველი რაუნდის ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილია!
ჩვენი ზღაპარი ჯერ გრძელდება…

დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება, დიდება საქართველოს!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთან არ იქნებიან: ბერნარდო, ბრუნო, რუბენ დიაში, კანსელო… ლეაოც

ქართველებმა ფეხბურთი დავიბრუნეთ