in

მოდით და მხარი დაგვიჭირეთ: დღეს იბერიას ჩემპიონთა ლიგის თამაში აქვს

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმესთან“ მატჩის წინ თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ბევრი ისეთი რამ დავგეგმეთ და განვახორციელეთ, რაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში გამოგვადგება.

რაც შეეხება სელექციას, მწვრთნელი, რომელიც იტყვის, რომ მას სრულად აკმაყოფილებს სელექცია, ტყუის, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ლეგიონერებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტაცია.

ივა გელაშვილის მომავალთან დაკავშირებით ჯერ რამის თქმა რთულია, ახლა ჩვენთანაა და გუნდთან ერთად ემზადება. მისი აქ ყოფნა ძალიან გვიხარია.

ბუნებრივია, საქართველოს სუპერთასზე გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ არ დაგიმალავთ – ცალი თვალით ევროთასებისკენ ვიყურებოდით და შესაძლოა, ეს გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

გამიხარდება, თუ თბილისური კლიმატი ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს, თუმცა მატჩი საღამოს 8 საათზეა და არ ვფიქრობ, ამინდი მხოლოდ ჩვენთვის იყოს მისაღები.

მინდა, გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მივმართო – აუცილებლად მოდით და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი მხარდაჭერა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება „მალმეს“, ამბობენ, რომ სამი ცენტრალური მცველი აკლიათ. მაგრამ დამერწმუნეთ, შვედები მცველების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიან. სულ ახლახან კიდევ ერთი მცველი შეიძინეს. ვუყურეთ მათ ბოლო შეხვედრას და ნათელია, რომ აქვთ რესურსი, ნებისმიერი პოზიცია შეავსონ.

„მალმე“ შვედეთის ჩემპიონია. მართალია, წელს იდეალურ ფორმაში არ არიან და გარკვეული მინუსებიც აქვთ, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და მობილური გუნდია, ხშირად ცვლიან სათამაშო სქემას. შარშანდელთან შედარებით დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ. რატომ არიან მეხუთე ადგილზე, ზუსტად ვერ გეტყვით.

მათი მწვრთნელი ამბობს, რომ შარშან ბურთით უფრო დომინირებდნენ, მე კი ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გუნდი სისწრაფესა და მობილურობაზე აკეთებს აქცენტს, დაცვიდან შეტევაში კარგად გადადის“, – განაცხადა კორღალიძემ.

ლევან კორღალიძესთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „იბერიის“ კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი და „მალმესთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება? ეს უკვე წარსულია. ახლა ევროტურნირის მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. როგორ მოვემზადეთ – ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.

ბიჭებისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მართალია, შეკრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვხედავ, როგორ აისახა ეს გუნდზე. ვფიქრობ, დიდი პროგრესი გველის და თამაშსაც კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

„მალმეს“ ისეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, როგორიც ჩვენს შარშანდელ მეტოქეს, თურქულ „ბაშაქშექირს“ – მათ შემადგენლობაში რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტი იყო. თუმცა ახლაც ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და ვიცით, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ცოტა უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ „მალმესთანაც“ არანაკლები მოტივაცია გვაქვს. იმედია, გულშემატკივარი მოვა და წარმატებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა მამაგეიშვილმა.

თბილისის „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ დღეს, 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა: სპორტინგმა ქოჩორა წარადგინა – ძმასავით მიმიღეს

ლიონი ათს ყიდის, მათ შორის მიქაუტაძეს