გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მშვენიერი და საამაყო მიღწევაა, რაც ქართველ ფეხბურთელს გზას უფრო დიდი გუნდებისკენ უხსნის. მით უმეტეს, რომ რა ხანია ჩვენიანით დაინტერესებულ გუნდებზეც წერენ. ბოლოს საერთოდ „მილანიც“ კი გამოჩნდა, რომელიც მზადაა 10 მილიონი ევრო გადაუხადოს „მეცს“, საქმეში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელებმა „მეცს“ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს, ხოლო მიქაუტაძისთვისაც პრიორიტეტული სწორედ პრემიერლიგაში თამაშია.
მეტიც, „ბარნლი“ ასევე ცდილობს „გენტიდან“ 20 წლის ნიგერიელი
თავდამსხმელის, გიფტ ემანუელ ორბანის დამატებას, რომელსაც მიქაუტაძეს შეუწყვილებს. ახალგაზრდა ფორვარდმა ბელგიის ჩემპიონატის 15 მატჩში 15 გოლი გაიტანა, კონფერენს ლიგაზე კი 5 გოლი მიამატა 6 მატჩში.
აქვე ვთქვათ, რომ გამოცემა Francebleu გამოეხმაურა გიორგის წარმატებას, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„გიორგი მიქაუტაძემ კვირას ფრანგული ფეხბურთის ტრადიციულ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. ის მოუთმენლად ელის ლიგა 1-ში აღზევებას. სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (23 გოლით) „მეცის“ სასიკვდილო იარაღია და ლოგიკურია, რომ UNFP Trophies-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა“.
GIPHY App Key not set. Please check settings