გიორგი მიქაუტაძის საგა გრძელდება. გუშინ იმაზე გვეწერა, რომ „მეცმა“ რომის „ლაციოს“ ფული არ იკმარა (15 მლნ) და ჩვენიანი იტალიაში არ გაუშვა. ახლა კიდევ ერთი დაინტერესებული გუნდი გამოჩნდა და ეს გუნდი ესპანეთიდანაა – „კადისი“. ესპანელები ფრანგებს დაუკავშირდნენ და პირობები ჰკითხეს.
ცნობილია, რომ „მეცი“ 20 მილიონს ითხოვს, ეს თანხა კი ანდალუსიური კლუბისთვისაც ბევრია, მით უმეტეს, რომ ამდენის გადახდას არც „ლაციო“ დათანხმდა და არც პრემიერლიგის „ბარნლი“ (ჯერჯერობით მაინც).
სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ასე რომ, ჯერ მთელი თვე წინაა და „მეცს“ აქვს დრო სავაჭროდ.
ადრეც ითქვა და კიდევ ერთხელ ახსენეს მიქაუტაძით „მარსელის“ დაინტერესების ამბავი. ბუნებრივია, ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ მარსელში უკვე მივიდნენ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ისმაილა სარი და ილიმან ნდიაე. მოკლედ, აქ კონკურენცია საკმაო დიდი იქნება.
თავად ფეხბურთელს კი, როგორც საქმეს პირი უჩანს, წასვლა და უფრო მაღალ დონეზე თამაში ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ლიგა 1-ში გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings