საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „მეცი“ შინ „ლიონს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. ჩვენიანმა მშვენიერი გოლით გახსნა ანგარიში. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ ეს მისი მე-6 მატჩი იყო და პირველად გაიტანა. მე-13 წუთზე უკან გაკეთებული პასი ჩაჭრა, მცველს ბურთი ერთ მხარეს შემოუტარა, თავად შემოუარა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მცველები კი მოსდევდნენ, მაგრამ არ შეიმჩნია და ბურთი მოხდენილად გადაატარა მეკარეს.
სტუმრებმა ზედ შესვენების წინ გაათანაბრეს, მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და წინაც გავიდნენ. მერე უკვე მასპინძლები მიეძალნენ შეტევებს, ორი კარგი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და მორიგი მარცხი განიცადეს. „მეცი“ 10 მატჩია ვერ იგებს.
გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ანალიტიკური საიტებმა მას მაღალი შეფასებები დაუწერეს: whoscored – 7.5, sofascore – 7.5, flashscore – 7.2.
„აიაქსში“ გადასვლამდე მიქაუტაძემ „მეცში“ 2 გოლის გატანა მოასწრო. ასე რომ, ახლა 3 გოლი (პლუს 2 საგოლე პასი) აქვს. ქართველმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე „მეცში“ 27 აგვისტოს „კლერმონის“ კარი აიღო. ახლა კი ხუთთვიანი და 21-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.
მეცი – ლიონი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (13), 1:1ლაკაზეტი (45+1), 1:2 ბენრაჰმა (60)
„მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ნანტს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings