გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლით „ვილიარეალმა“ სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლევანტე“ დაამარცხა – 1:0.
მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა, რომელიც წყალდიდობის გამო გადაიდო, ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თითქმის სრულად ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს.
გოლი კი გიორგიმ 57-ე წუთზე გაიტანა: საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, დარტყმა ვერ მოახერხა და თანაგუნდელს მიაწოდა, რომელმაც ბურთი უკან დაუბრუნა, კარში კი უკვე მცველები იდგნენ და არა მეკარე და მიქაუტაძემაც ბილიარდივით ჩასვა დაბალ კუთხეში.
ცოტა ხანში ჟორჟს დუბლის შესრულების მშვენიერი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.6.
მიქაუტაძემ ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა (პლუს ერთი ასისტი), სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მოაგროვა.

ლევანტე – ვილიარეალი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (57)
„ვილიარეალმა“ 48 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“ (45) გადაასწრო და მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ „რეალი“ (60) და „ბარსელონა“ (58) უსწრებენ.
23 თებერვალს კიდევ ერთ ვალენსიურ გუნდს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings