“ვალენსიას” შემადგენლობაში 4 მეკარე ირიცხება. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების 20 წლის კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია. ჩვენიანი, რომელიც სეზონის წინ, თბილისისის “ლოკომოტივიდან” “ვალენსიას” სარეზერვო გუნდში სათამაშოდ წავიდა, გუნდის აღმოჩენად იქცა და ლა ლიგის პირველ 6 ტურში “ღამურების” ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა. მეექვსე ტურის მატში, “სევილიას” წინააღმდეგ, ნაჩვენებმა არადამაჯერებელმა თამაშმა მას ძირითადში ადგილი დააკარგვინა და იგი იასპერ სილესენმა ჩაანაცვლა. თუმცა, ესპანური მედია ბოლო მატჩებში ნიდერლანდელი მეკარის თამაშით კმაყოფილი არ არის.
Plazadeportiva წერს, რომ სილესენი ბოლო შეხვედრებში, არცთუ დამაჯერებელი იყო და მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. მან ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა.
deportevalenciano.com წერს, რომ “ვალენსიაში” მეკარეების პრობლემა უნდა გადაწყდეს. გამოცემა გიორგი მამარდაშვილზე წერს, რომ ამ პერიოდში მისი უთამაშებლობა დაუშვებელია და მას, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. საიტი მიიჩნევს, რომ ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, თუ “ვალენსია” კრისტიან რივეროს სხვა გუნდში გაანათხოვრებს, ქართველ მეკარეს კი, “მესტალიაში” (ვალენსიას სარეზერვო გუნდი) გაუშვებს, სადაც მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მიეცემა.
“თუკი დრო გავა და მამარდაშვილს სათამაშო დრო არ მიეცემა და ის დარჩება სათადარიგოთა სკამზე, მან რომ მესტალიაში ითამაშოს არ იქნებოდა ცუდი. ყოველ შემთხვევაში მიგელ ანხელ ანგულომ (სარეზერვო გუნდის მწვრთნელი) უკვე გამოთქვა სურვილი, გიორგი სარეზერვო გუნდში ათამაშოს. ასე რომ, ეს საკითხი კლუბში უკვე დაყენებულია”, – წერს გამოცემა.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ითამაშა, 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.
მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings