in

მილიარდი ჯამში, 100 მილიონი ჩემპიონს: მუნდიალის ფინალს შოუდ აქცევენ

ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურნირის საპრიზო ფონდიც განსაზღვრა. გუნდები ერთ მილიარდ დოლარს გაინაწილებენ. ყველაზე მეტი ჩემპიონს ერგება – 100 მილიონი ევრო.

შეჯიბრება 2025 წლის ივნისსა და ივლისში აშშ-ში ჩატარდება. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 12 გუნდი ევროპიდან ითამაშებს, 6 – სამხრეთ ამერიკიდან, 6 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან, 5 – აზიიდან, 2 – აფრიკიდან და 1 – ავსტრალიიდან.

შედარებისთვის, 2022 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო. ჩემპიონ არგენტინას 42 მილიონი დოლარი ერგო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, ამერიკული ფეხბურთის ფინალის, „სუპერბოულის“ შთაგონებით, ნახევრად შოუს სახე ექნება.

2026 წლის მუნდიალი ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიება იქნება ისტორიაში. მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს 32-ის ნაცვლად. ტურნირის ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 82 500 ადამიანს იტევს.

როგორც ინფანტინომ სოციალურ ქსელში დაწერა, მსოფლიოში უდიდესი სპორტული ღონისძიებისთვის შესაფერისი მუსიკალური შოუ მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ჩატარდება. მან ასევე გაამჟღავნა, რომ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი „ქოლდფლეი“ ფიფა-სთან ითანამშრომლებს მუსიკალური შემსრულებლების შერჩევასა და შოუს ორგანიზებაში.

„ვისაუბრე მეგობრებთან და კოლეგებთან, რომლებიც ესწრებოდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული და მედიაპარტნიორების კონვენციას დალასში. ჩვენ განვიხილეთ ძალიან საინტერესო გეგმები ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

შემიძლია, დავადასტურო, რომ ნიუ იორკ/ნიუ ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ შოუ გაიმართება Global Citizen-ის მხარდაჭერით. ეს იქნება ისტორიული მომენტი ფიფა-სთვის.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფიფა დაიკავებს თაიმ სქვერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბოლო კვირის განმავლობაში – მესამე ადგილის მატჩისა და ფინალის დროს.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო „ქოლდფლეის“ წევრებს, კრის მარტინსა და ფილ ჰარვის, რომლებიც ფიფა-სთან ერთად იმუშავებენ, რათა საბოლოოდ შეირჩეს შემსრულებლები, რომლებიც არა მხოლოდ შოუზე გამოვლენ, არამედ თაიმ სქვერზე გასამართ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა ინფანტინომ.

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – მექსიკაში, კანადასა და აშშ-ში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის მწვრთნელი 9 თვით დასაჯეს: გასახდელშიც არ შეუშვებენ

ბარსა პირველზე გადავიდა: ბუქმეკერებს ლიგის ახალი ფავორიტი ჰყავთ