in

მიზანი გამარჯვებაა: ქეცბაია რითი უნდა გავაკვირვო – სანიოლი შეკრებით კმაყოფილია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას დღეს საღამოს ლარნაკაში ითამაშებს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ აეკ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი:
„გადავწყვიტეთ შეკრება ადრე დაგვეწყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს სეზონი უკვე დასრულებული ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მინიმუმ 10-დღიანი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონოდათ. დადებითად შევაფასებ საწვრთნელ შეკრებას. არ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, კმაყოფილი ვარ მზადების ხარისხით და ვიმედოვნებ, რომ ეს კარგი მატჩის ჩატარების საშუალებას მოგვცემს.

გუნდში 25 ფეხბურთელია, მათ სრულად ვენდობი. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. წილისყრის შემდეგ, თემურ ქეცბაიასთან ხანგრძლივი, სასიამოვნო საუბარი მქონდა. მას პირადად არ ვიცნობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი კვიპროსის ტაქტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის მაბედნიერებს, როდესაც მეტოქის მწვრთნელი ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელზე გამორჩეულად საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ეს საამაყოა ჩემთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს სხვა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, აუცილებლად იპოვის გზას ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.

ლუკა ლოჩოშვილი მარტში ტრავმისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს, სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის. საბა საზონოვის და დავით ხოჭოლავას არყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, რომ გიორგი გველესიანმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, რომ მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.

თემურ ქეცბაია ქართველია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. მან კარგად იცის ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები და მისი გაკვირვება რთული იქნება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და 3 ქულის გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.

კვიპროსთან საქართველოს ნაკრებს კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება სასტარტოში შოტლანდიასთან. ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მზად არის ეროვნული ნაკრების შემდეგ 21-წლამდე ნაკრებს დაეხმაროს. კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც ამ შეკრებაზე იმყოფება ჩვენთან ერთად“.

დღევანდელი მატჩის რეპორტაჟი პირველ არხზე თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა იტალიის ყველაზე ძვირადღირებულთა სამეულშია

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: წარმატებული სეზონის გამო ბიჭები ხასიათზე არიან