საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, შვედეთის ქალაქ ინჩეპინგში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩი შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით – 3:2 დამარცხდა.
დაძაბული მატჩში, ანგარიში მე-12 წუთზე ნოდარ ლომინაძემ გახსნა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას საგოლე გადაცემა საჯარიმოში ზუსტად გამოიყენა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შემდეგ კი დაწინაურება. მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს სწრაფი გოლის გატანა, თუმცა 4 წუთში, მეკარის უხეში შეცდომით ერთბურთიანი სხვაობა აღდგა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 3:2.
შვედებმა მოგვიგეს და მეორე ადგილი დავუთმეთ, მაგრამ შანსი რჩება
შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ოქტომბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ხოლო შვედეთი, 14 ოქტომბერს, სტუმრად ჯგუფის ლიდერს, ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
რამაზ სვანაძე:
“თამაშის სცენარი, რომელიც წარმოგვედგინა მუშაობდა მეტოქის პირველ გოლამდე და ყველაზე დასანანია, რომ მთელი გეგმა აგვირია ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ, რომლის დაშვებასაც ასეთ დონეზე არავინ გაპატიებს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმის სტარტზევე მესამე გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქის შეცდომით მალევე შევძელით თამაშში დაბრუნება. მცდელობები ბევრი გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვაჩვენეთ ის თამაშის ხარისხი, თუნდაც ისეთი, როგორიც გვქონდა ამ გუნდთან იგივე ბათუმში.
ბოლო მატჩებია პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები და პირველ რიგში მათი გამოცდილება. კონკრეტულად ის გამოცდილება, რომელიც საბა საზონოვს, ლუკა გაგნიძეს და გაბრიელ სიგუას აქვთ. ეს გამოცდილება ზუსტად ასეთი მატჩებისთვის არის საჭირო და დასანანია, რომ ეს მოთამაშეები არ გვყავდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მატჩი მხოლოდ მათი არყოფნით არის განპირობებული.
როდესაც ესეთი დონის გუნდთან უშვებ ამდენ ინდივიდუალურ შეცდომას, დგება ის რეალობა რაც დადგა. გარდა ამისა, გუნდურობის საკითხზეც ბევრი გვაქვს სამუშაო, როდესაც ანგარიშში ჩამოვრჩით, თამაშის განვითარების ინდივიდუალურმა ხასიათმა იმატა, რაც ასეთ დროს, ამ კონტექსტის გათვალისწინებით მიუღებელია. მაშინ როცა ეთამაშები შენზე მაღალი კლასის გუნდს, ამ მომენტში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ გუნდურობა შეიძლება გახდეს.
მთლიანობაში განვლილ გზას და შეკრებას ჯერ ვერ შევაფასებ, დარჩენილი გვაქვს ბოლო ტურის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ასევე, უნდა დაველოდოთ შვედეთის თამაშს ნიდერლანდებში, რომელიც ერთი დღით ადრე გაიმართება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ ჩვენ უკვე მათი შედეგი გვეცოდინება. საერთოდ, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ მთელი შესარჩევი მეორე ადგილზე ვიყავით და ბოლო ტურის წინ, ჩვენ ჩვენ თავზე დამოკიდებული აღარ ვართ.”
GIPHY App Key not set. Please check settings