in

მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნება: კვარაცხელია ნაკრებზე, ნაპოლიზე, გულშემატკივრებზე…

საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტები გაავრცელა, სადაც ჩვენი გუნის ლიდერი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს.

„მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს, თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს.

ამიტომ ბავშვებს მინდა, მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება.

ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს, ყველა მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ნორვეგიასთან, ასევე მონღოლეთთან და ძალიან კარგი იქნება, რომ სავსე სტადიონზე ვითამაშოთ, მჯერა, რომ ტრიბუნები ორივე შეხვედრაზე გაივსება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტადიონიდან ქომაგები შინ გახარებული დაბრუნდნენ – ვეცდებით, ორივე თამაშში გავიმარჯვოთ.

ყველა ადამიანს, მათ შორის მეც, ალბათ აქვს მინუსი, თუმცა ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის მომენტი, რომ გულშემატკივართან ფოტოს გადასაღებად ვერ გავჩერდი, მაგრამ უნდა გამიგონ, ხანდახან ეს რთულია – ამაზე მეც ვბრაზდები, რომ ვერ გავჩერდი… თუმცა, ვეცდები, ყველა ადამიანი გახარებული იყოს.

როცა ამდენი ხალხი გქომაგობს, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს – მეტი უნდა გააკეთო და მოედანზე უფრო მეტი უნდა დაამტკიცო. აქვე ვიტყვი, რომ გულშემატკივრები ძალიან მეხმარებიან და ამიტომ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო.

წარმატებაა თუ წარუმატებლობა, ქომაგი ყოველთვის გვერდში მიდგას. სულ თბილი მესიჯები მომდის და ძალიან მამხნევებენ. ვპირდები, რომ ჩემს მაქსიმუმს აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებ და უფრო მეტად ვეცდები, რომ ჩემი გულშემატკივრები გავახარო.

ბათუმში ჩასვლის შემდეგ თავდაჯერება დამიბრუნდა. ყოველ თამაშზე სავსე სტადიონი იყო და თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. ქომაგი არცერთ თამაშს არ აცდენდა, ტრიბუნები სულ სავსე იყო, გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ბათუმის „დინამომ“ „ნაპოლიში“ ჩემს გადასვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

საერთოდ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ იტალიაში გადასვლის შემდეგ ალბათ დაცვაში მოქმედება გავაუმჯობესე და უფრო გუნდურად ვთამაშობ. მქონდა ეს მინუსი, ბალანსს ვერ ვპოულობდი – უფრო მეტად თამაშს საკუთარ თავზე ვიღებდი. „ნაპოლიში“ და ნაკრებში გამოსვლებმა შედეგი მოიტანა, რადგან ორივეგან კარგი ფეხბურთელები არიან, მათ გარეშე ასეთი ვერ გავხდებოდი.

ნეაპოლში რომ ჩავედი, ჩემზე ზოგი კარგს ამბობდა, ზოგიც – ცუდს. მაგრამ თამაში რომ დავიწყე და პირველი გოლი გავიტანე, საკუთარი ძალების ვირწმუნე და მივხვდი, რომ მეც შემეძლო გავმხდარიყავი კარგი ფეხბურთელი, პროფესიონალი, ისეთი, როგორებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის ძალა, რაც შემდეგში ძალიან დამეხმარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა

ევროპა დაიწყო: კრიშტიანომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჩემპიონმა წააგო