ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი და ყველა საინტერესო ეტაპი დაიწყო. დარჩენილია 8 გუნდი და ყველა თამაში საინტერესოა. ¼ ფინალები ლონდონსა და მიუნხენში გაიხსნა და შეიძლება ითქვას, რომ ორივე შეხვედრაში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. „რეალმა“ დიდი ანგარიშით წააგო, ხოლო „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში. თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა და განმეორებით შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
„არსენალმა“ სახლში „რეალი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი საოცრად შესრულებული საჯარიმოებიდან რაისმა შეასრულა, ერთი გოლი კი მერინომ გაიტანა. „მეთოფეებს“ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა.
„ინტერმა“ სტუმრად „ბიერნს“ 2:1 სძლია. მასპინძლების უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი ლაუტარო მარტინესის ლამაზი გოლით სტუმრებმა მოიგეს. მერე შეცვლაზე შესულმა მიულერმა კი გაათანაბრა, მაგრამ მილანელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და შინ გახარებულები დაბრუნდნენ.

განმეორებითი მატჩები 16 აპრილს გაიმართება.
არსენალი – რეალი 3:0
გოლები: 1:0 რაისი (58), 2:0 რაისი (70), 3:0 მერინო (75)
გაძევება: კამავინგა (90+4, რეალი)

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალისთვის“ არასოდეს მოუგია და არც გოლი გაუტანია – ორი წაგება და ერთი ფრე.
დეკლან რაისი (“არსენალი”) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით.
„არსენალს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 4 მოგება და 4 ფრე 22 თებერვლიდან.
„რეალმა“ 2023 წლის მარტის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი.
„რეალმა“ 2022 წლის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩი.
„რეალმა“ 2023 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ანგარიშით. მაშინ იყო 0:4 „მანჩესტერ სიტისთან“.
„რეალმა“ სეზონში მესამედ წააგო დიდი ანგარიშით – ორჯერ „ბარსელონასთან“ და „არსენალთან“. დიდი ანგარიშით ამდენი წაგება გუნდს წინა ოთხ სეზონში ერთად ჰქონდა.
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორ მატჩში ვერ გაიტანა გოლი – ეს მოხდა პირველად 2009 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ, როცა “სამეფო კლუბი”, ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით, “ლივერპულს” ეთამაშებოდა.
ტიბო კურტუამ (“რეალი”) ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 26 დარტყმიდან 21 მოიგერია, მათ შორის, ზედიზედ – ბოლო 10 (7 – “ატლეტიკოსთან”, 3 – “არსენალთან”).
სამუელ ეტო’ოს (8 გოლი, 2010/11) შემდეგ ლაუტარო მარტინესი გახდა “ინტერის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 7 გოლი გაიტანა.
ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ რიგებში 133-ე მატჩი ჩაატარა და ქარიმ ბენზემას გაუთანაბრდა. უფრო მეტი (152) მხოლოდ იკერ კასილიასს აქვს.
ლუკა მოდრიჩმა (“რეალი”) ლონდონის “ემირეითსზე” პირველად 2006 წლის 23 აგვისტოს, ზაგრების “დინამოს” შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს მოხდა ზუსტად 34 დღით ადრე, ვიდრე დაიბადებოდა “არსენალის” მარცხენა მცველი მაილს ლუის-სკელი, რომელთანაც მოდრიჩს მოუხდა დაპირისპირდება.
მაილს ლუის-სკელი (“არსენალი”) გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა (18 წლის და 194 დღის) ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. პირველი იყო ჯუდ ბელინგემი – 17 წლის და 281 დღის.

ბაიერნი – ინტერი 1:2
გოლები:
0:1 მარტინესი (38), 1:1 მიულერი (85), 1:2 ფრატეზი (88)
ლაუტარო 19 გოლით „ინტერის“ საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: მან ადრიანოს გაასწრო. მარტინესს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩში შვიდი გოლი დაუგროვდა – ეს მესამე მაჩვენებელია „ინტერის“ ისტორიაში – უფრო მეტი ჰქონდათ ერნან კრესპოს (9 გოლი, 2002-03) და სამუელ ეტო′ოს (8, 2010/11).
„ინტერი“ თებერვლის შემდეგ არ მარცხდება – 8 მოგება და 3 წაგება ყველა ტურნირზე. ბოლო წაგება 16 თებერვლით თარიღდება.
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხ წელიწადში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე – შეწყდა 22-მატჩიანი წაუგებელი სერია.

GIPHY App Key not set. Please check settings