მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია, რომელიც უკვე მეოთხე წელია უძლიერესთა შორის UFC-ის ორგანიზაციაში იბრძვის. 30 წლის ქართველის დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს ფრენკი სენზის წინააღმდეგ შედგა, რომელიც მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებით დათმო. იყო კიდევ ერთი მარცხი, მაგრამ შემდეგ, მერაბმა ზედიზედ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ, როგორებიც ბრედ კატონა, კეისი კენი, ჯონ დოდსონი არიან და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის top 15 მებრძოლში შევიდა.
გარდა შერეული საბრძოლო ხელოვნებისა, მერაბი სამბოსაც კარგად ფლობს და მან საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მერაბ დვალიშვილს ოქტაგონზე, საერთო ჯამში, 16 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 12 გამარჯვებით დაასრულა და 4-ში დამარცხდა.
ცოტა ხნის წინ, ქართველმა მებრძოლმა კორონავირუსი დაამარცხა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ sport4me.ge მერაბ დვალიშვილს აშშ-ში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მერაბ, როგორც ვიცით კორონავირუსით იყავით დაინფიცირებული. ამჟამად, როგორ გრძნობთ თავს და თუ განაახლეთ ვარჯიშები?
გმადლობთ, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ვირუსმა ჩემს ფიზიკურ კონდინციებსა და სპორტულ ფორმაზე გავლენა იქონია, მაგრამ ვარჯიშები სრული დატვირთვით დავიწყე და დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები.
მერაბ, ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ტოპ 15-ის მებრძოლი ხართ და ბრწყინვალე მოგებათა სერიაც გაქვთ. როდის უნდა ველოდოთ თქვენს მორიგ ბრძოლას და სავარაუდოდ ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს ის?
ძალიან გაიწელა ჩემი მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნა. მე კატეგორიულად მაქვს ნათქვამი ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, რომ მხოლოდ ტოპ 15-ის მებრძოლის წინააღმდეგ ვიჩხუბებ და არა სხვასთან. ამიტომაც, რთულია მოწინააღმდეგის შერჩევა. რამდენიმეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები. ზოგს არ სურს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვფიქრობ თებერვალში ან მარტში გავმართავ შემდეგ ბრძოლას.
ყველა მებრძოლის ოცნებაა UFC-ის ქამარი მოიპოვოს. რამდენად რეალურია და თქვენი აზრით კიდევ რამდენი ბრძოლის მოგება მოგიწევთ ქამარზე საბრძოლველად?
რა თქმა უნდა, ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც ოქტაგონზე გადის, მიზნად ისახავს გამარჯვებებს და საჩემპიონო ქამრის მოპოვებას. ჩემი მიზანიც ესაა და ამისთვის თავს არ დავზოგავ. ჯერ აქამდე შორია და კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი, მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს ვპირდები ამისთვის თავს არ დავზოგავ.
მერაბ, როგორც ვიცით საქართველოდან წასვლის შემდეგ, აშშ-ში მშენებლობაზეც მუშაობდით. ეს რით იყო განპირობებული?
აშშ-ში, როგორც ერთი ჩვეულებრივი ემიგრანტი წავედი, რომელიც შრომით, წვალებით შოულობდა სარჩენ ფულს და საქართველოში ოჯახს თუ მეგობრებს ეხმარებოდა. მშენებლობაზე მუშაობა დავიწყე და პატიოსანი შრომით ვცდილობდი ჩემი ახლობლების დახმარებას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამსახურიდან პირდაპირ ვარჯიშზეც წავსულვარ. ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და ამ სამსახურის მადლობელი ვარ.
ცხოვრებაში ბევრი პრობლემები შემქმნია და ურთულესი დაბრკოლებების გადალახვა მომიწია, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ამას ვურჩევ სხვებსაც – Never give up, ყოველთვის გააგრძელონ მიზნისთვის ბრძოლა, რადგან დამარცხებას მუდმივად მოსდევს გამარჯვება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.
GIPHY App Key not set. Please check settings