in

მას სენტ ეტიენში შეიყვარებენ… სანიოლი ზურიკოზე

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების წევრი, ზურიკო დავითაშვილი ფრანგული “ბორდოდან” მთავარი ლიგის წარმომადგენელ, ასევე სახელოვან “სენტ ეტიენში” გადავიდა. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დავითაშვილის თაობაზე ფრანგულ მედიას ესაუბრა…

რა შეგიძლიათ, თქვათ ახალგაზრდა ზურიკო დავითაშვილის შესახებ?

ჩემი აზრით, ის უკვე აღარ არის ახალგაზრდა ფეხბურთელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უკვე 23 წლისაა და ძალიან ახალგაზრდა აღარ არის. მისი პოტენციალისა და ხასიათის გათვალისწინებით, ის “სენტ ეტიენს” დიდ სარგებლობას მოუტანს.

ეს არის მოთამაშე, რომელიც მუდამ ბოლომდე იხარჯება, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ინტენსივობას და თავდადებას, ჩემი აზრით, “სენტ ეტიენის” ფანებს ამ კომპონენტში ის ძალიან მოეწონებათ.

რა არის მისი მთავარი პლუსი?

მე მომწონს მისი ვერტიკალური სათამაშო მანერა. როცა მას აქვს ბურთი, ყოველთვის რაღაცის შექმნაზეა ორიენტირებული. ცდილობს, ვერტიკალურად ითამაშოს, შეუტიოს სწრაფად.

რომელ სათამაშო სისტემაში იყენებთ მას და რომელია მისთვის ყველაზე ოპტიმალური სათამაშო პოზიცია?

მე მას ვიყენებ ორ სხვადასხვა სქემაში – მეორე თავდამსხმელად ან ნახევარმცველად. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტს თამაშობს შეტევაში, მისთვის უფრო კომფორტულია, რადგან ის არის ინსტინქტების მოთამაშე. რაც უფრო ახლოს იქნება შეტევასთან, მით უკეთესად იგრძნობს თავს.

“ბორდოში” დავითაშვილი ხომ ფლანგზე თამაშობდა? ის გარემარბი არ არის?

დიახ, მას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ “მეორე თავდამსხმელი” ვახსენე იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობთ გარემარბის გარეშე. ვფიქრობ, მისი საუკეთესო პოზიცია არის მარცხენა გარემარბი.

ის ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს?

მარცხენა ფეხით თამაში მისთვის არ არის მოუხერხებელი, მაგრამ მარჯვენათი უკეთესად თამაშობს. მჯერა, დავითაშვილს ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა ექნება!

რაში უნდა მოუმატოს ყველაზე მეტად?

სიტუაციების გარჩევაში. მეტად უნდა იგრძნოს ის, თუ როდის არის საჭირო სწრაფი შეტევა და როდის ჯობია მოცდა. მას სურს, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს საჯარიმომდე. ამიტომ აქვს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ასეთი ფეხბურთელისაგან ხარვეზებიც უნდა მიიღო. ვფიქრობ, ოლივიე (დალ’ოლიო – “სენტ ეტიენის” მთავარი მწვრთნელი) არის ის მწვრთნელი, ვინც მას კიდევ უფრო დაეხმარება წინსვლაში.

ოლივიე დალ’ოლიოს იცნობთ?

კი, მაგრამ კარგად არ ვიცნობ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ის არის ძალიან კარგი ადამიანი და ეს ფეხბურთში საჭიროა. მას აქვს მწვრთნელისთვის საჭირო თვისებები და ეს ფეხბურთელებს ეხმარებათ, განიცადონ ინდივიდუალური წინსვლა.

ჩემთვის მწვრთნელის შეფასებისას ეს უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. მოთამაშის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ ვარ მოხარული, ჩემი ფეხბურთელი “სენტ ეტიენში” რომ გააგრძელებს კარიერას.

დავითაშვილი აღმოჩნდება კარგ ხელში და გააგრძელებს პროგრესს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხვდება ოჯახურ გარემოში, რადგან “სენტ ეტიენი” სწორედ ასეთი კლუბია. ქართველებისთვის ოჯახის ცნება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

რა შეგიძლიათ გვითხრათ მის ხასიათზე?

საქართველოს ნაკრებში ის ყოველთვის არის ბედნიერი და ენთუზიაზმით აღსავსე, ხშირად იცინის… არ ვიცი, როგორია ის საფრანგეთში, რადგან არსებობს ენობრივი ბარიერი და ეს, შესაძლოა, შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

რა ენაზე საუბრობთ მასთან? უკვე ორი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. ცოტა ფრანგულადაც ხომ არ საუბრობთ?

მან იცის ცოტა ფრანგული, თუმცა ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობთ. ვახერხებთ ურთიერთობას და კომუნიკაციას, ეს არ არის პრობლემა.

შეეწყობიან ერთმანეთს ზურიკო და “სენტ ეტიენი”?

თეორიული თვალსაზრისით, ასე უნდა მოხდეს. მას ყველა ის თვისება აქვს, რის გამოც “სენტ ეტიენში” უნდა შეიყვარონ. არის შრომისმოყვარე და წარმატებისთვის ყველაფრის გაღება შეუძლია. ეს არ არის მისთვის აბსტრაქტული ცნება, მეტიც, ეს მისთვის ყოველდღიური ცხოვრებაა.

ის აპირებს, იყოს იმ დიდი კლუბის ნაწილი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ელიტაში და რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ…

დავიბადე სენტ-ეტიენში და იქ ვთამაშობდი 20 წლამდე. ცხადია, გუნდის ელიტაში დაბრუნებამ ბევრი გაახარა. ბედნიერი ვარ იმით, რომ მომავალ სეზონში “სენტ ეტიენს” ვიხილავ ლიგა 1-ში. ამ გუნდის ადგილი სწორედ იქაა. ვფიქრობ, რთული სეზონი იქნება. ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის ჯერ კიდევ არის დიდი უფსკრული. დიდი იმედი მაქვს, გუნდი კარგად დაიწყებს სეზონს, რაც მას სრულიად არასაჭირო წნეხს მოუხსნის.

დიდი ალბათობით, “სენტ ეტიენი” ეძებს “9 ნომერს”. ევროპის ჩემპიონატზე ამ ნომრით ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, მაგრამ ის ცენტრფორვარდი არ არის. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ეცდება “სენტ ეტიენი” გიორგი მიქაუტაძის დამატებას?

სამწუხაროდ, არ მგონია, ჟორჟი და “სენტ ეტიენის” ფინანსები ერთმანეთს შეესაბამებოდეს. მან ევროპის ჩემპიონატზე ერთხელაც დაამტკიცა, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. მას სწორედ ამას ვუსურვებ, რადგან ის, უბრალოდ, შესანიშნავი ბიჭია. იმედი მაქვს, ყოველ უქმეებზე მაღალ დონეზე ითამაშებს. ისე ჩანს, რომ ძალიან დაინტერესებულია “მონაკო”, ასევე “ლანსი”… მოკლედ, ვნახოთ…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთში გადავიდა

მამარდაშვილი და ნიუკასლი არ გამოდის, არც მიქაუტაძე და ვესტ ჰემი