საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი, ფრანგული გრანდ “მონაკოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საფრანგეთის თასის გათამაშების გამარჯვებულია. მონაკოელებმა ფინალურ მატჩში მეორე ფრანგული გრანდი ვილერბანი დაამარცხეს და საფრანგეთის თასს დაეპატრონნენ.
მონაკო და ვილერბანი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროლიგაშიც ასპარეზობენ. უფრო ზუსტად, ვილერბანმა ამ ტურნირის რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ სეზონი დაასრულა, მონაკო კი პლეი ოფში გავიდა და უახლოეს ამოცანად ოთხთა ფინალში მოხვედრა აქვს. პლეი ოფის პირველ წრეში საშა ობრადოვიჩის გაწვრთნილი მონაკოს მეტოქე თელ-ავივის მაკაბია.
მარკოიშვილი პირველი სეზონია, მონაკოშია, სადაც საშა ობრადოვიჩს სკაუინგში, მეტოქე გუნდების თამაშის გაშიფვრაში ეხმარება. იგი თამაშების დროს მონაკოს სათადარიგოთა სკამზე, სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმყოფება და იმ საჭირო დეტალებსა და გარემოებებს ინიშნავს, რაც როგორც საკუთარი, ისე მეტოქე კალათბურთელების სათამაშო მანერის ანალიზში, თავისებურებების გამოაშკარავებაში ეხმარება.
საფრანგეთის ლიგის თასი მარკოიშვილისთვის მონაკოში მოგებული პირველი ტიტულია. მისი კლუბი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ლიდერია და ქვეყნის ჩემპიონობის მოგებაც აუცილებლად მოსაგებ ტიტულთა სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა არანაკლები ამბიცია გააჩნიათ მონაკოელელებს ევროლიგაში, სადაც რეგულარული 21 მოგებითა და 13 მარცხით, მე-4 ადგილზე დაასრულეს და პლეი ოფში 25 აპრილიდან მაკაბისთან დიდი ბრძოლა მოელით.
რაც შეეხება საფრანგეთის თასის ფინალს, მონაკომ ვილერბანი დამაჯერებლად – 90:70 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings