გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვა და ქართველმა მეკარემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ვალენსიელებმა მამარდას წყალობით „სევილია“ დაამარცხეს – 1:0.
გიორგის საქმე არ მოკლებია. პირველ ტაიმში ლოკონგას და რომეროს დარტყმები აიღო, განსაკუთრებით სახიფათო კი ლუკებაკიოს შეტევა იყო, რომლის დარტყმულიც ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
სტუმრებმა გაიტანეს კიდეც, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა: გიორგი კუთხურისას გამოსვლაზე შეცდა და გაუტანეს, მაგრამ მანამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. ვიდეორეფერიმ ასევე გააუქმა თავიდან „ვალენსიას“ კარში დანიშნული პენალტი.
მოკლედ, მამარდას ანგარიშზეა რამდენიმე საკვანძო სეივი, მშრალად შენახული კარი და ძალიან დამაჯერებელი თამაში.
Sofascore.com-მა და Whoscored.com-მა ყველაზე მაღალი შეფასებები სწორედ გიორგის დაუწერეს – 8.2 და 8.1. Flashscore.com-მა საუკეთესოდ გოლი ავტორი ხავი გერა მიიჩნია, თუმცა მას და მამარდაშვილს იდენტური შეფასებები აქვთ – 7.7.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა.

ვალენსია – სევილია 1:0
გოლი: გერა (45+4)
„ვალენსიამ“ ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 37 ქულით უკვე მე-12 ადგილზეა და 19 აპრილს მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings