გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ დიდად ვერ ბრწყინავს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელისთვის ეს გუნდი მაინც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ჩვენიანი სწორედ აქ გაიცნო საფეხბურთო სამყარომ და ახალგაზრდა ქართველიც სამუდამოდ ჩაეწერება კლუბის ისტორიაში. საქმე ისაა, რომ გიორგიმ რეკორდი დაამყარა.
მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში 50 მატჩი ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.
გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგაში, „ვალენსიაში“ 50 მატჩი ჩაატარა. კლუბის არსებობის განმავლობაში არცერთ მეკარეს 22 წლის ასაკში ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.
მამარდაშვილმა 50-მატჩიან ბარიერს 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში მიაღწია.
მან აჯობა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან იგნასიო ისაგირე (23 წელი, 2 თვე და 9 დღე), მანზანედო (23 წელი, 3 თვე და 17 დღე) და სემპერე (23 წელი, 10 თვე და 24 დღე).
დიდი შანსია, რო გიორგიმ ახალი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს, მას ხომ თვით პრემიერლიგიდან აკვირდებიან, თუმცა ასევე სავარაუდოა, რომ ქართველის რეკორდს კარგა ხანი ვერავინ მოხსნის.
GIPHY App Key not set. Please check settings