ისტორიული დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 2001 წლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ესპანეთის ლა ლიგაში 90 წუთი. ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელიც აქამდე ესპანეთის ლა ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა გიორგი დემეტრაძე იყო (რეალ სოსიედადი).
ამჯერად კი, “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ვიხილეთ. 20 წლის მეკარე, რომელიც, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინ Crystalbet ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, გუშინ “მესტალიაზე” ითამაშა, ძალიან დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მამარდაშვილის ძირითადში დაყენება “ღამურების” მეკარის იასპერ სილესენის ტრავმითაც იყო განპირობებული, მაგრამ მამარდამ, თავის მხრივ, ამხანაგურ მატჩებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
“ვალენსია”-“ხეტაფეს” შეხვედრა მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. მატჩის მე-3 წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის უგო გილემონი გააძევა, თუმცა მალევე დენის ჩერიშევმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თავის გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა. 11-მეტრიანი ზუსტად კარლოს სოლერმა გაიტანა.
ამის შემდეგ, “ხეტაფემ” სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სტუმრებს გატანის შანსი მე-20 წუთზე მიეცათ, მაგრამ მაქსიმოვიჩის ტექნიკური საჯარიმო დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და “ვალენსია”აშკარა გოლისგან იხსნა. ესეც მამარდაშვილის პირველი სეივი ლა ლიგაში.
ქართველ მეკარეს პირველ ტაიმში ერთი სეივიც ჰქონდა. ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მეორე ნახევარში გიორგიმ თავის აქტივს კიდევ ორი სეივი მიმატა.
საბოლოოდ, 1:0 “ვალენსიამ” ლა ლიგის 91-ე სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მამარდაშვილს კი, ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.
შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, მამარდაშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგაში უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings