გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში „ატლეტიკოს“ ესტუმრა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო – 0:3. მიუხედავად 3 გაშვებული გოლისა, გიორგი მაინც გამორჩეული იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავი გამოიჩინა. რომ არა ჩვენიანი, ანგარიში შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილიყო. მარტო მე-20 წუთზე აღებული ბურთი რად ღირს, როდესაც მასპინძელთა უზადო კომბინაცია ახლო მანძილიდან დეპაის დარტყმით დასრულდა და გიორგიმ ბურთი ადგილზე გააქვავა.
ზოგადად „ატლეტიკო“ დიდ უპირატესობას ფლობდა, სტუმრების დაცვა კი ტრადიციულად სუსტად გამოიყურებოდა და შედეგიც ლოგიკური დადგა. მადრიდელებმა უკვე პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შექმნეს. დეპაის ნახსენები მომენტის შემდეგ, 24-ე წუთზე ანტუან გრიზმანი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, ასევე ახლო მანძილში და ანგარიში გახსნა.
მამარდამ 39-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა გუნდი კარასკოს დარტყმის შემდეგ.
49-ე წუთზე „ატლეტიკოს“ უპირატესობა იმავე კარასკომ კი გაზარდა, მაგრამ მანამდე ქართველმა მეკარემ კიდევ ერთი სახიფათო ბურთი მოიგერია და მომენტი განმუხტული რომ ჩანდა, დაცვა ერთხელც შეცდა.
67-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ტომას ლემარმა დასვა, რომელმაც მამარდა მოძრაობაზე დაიჭირა და თავით საპირისპირო კუთხეში გაუტანა.
„ვალენსია“ 26-ე ტურის შემდეგ 26 ქულით მე-17 ადგილზეა და ბუნებრივია ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მომდევნო შეხვედრა გუნდს უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ, 3 აპრილს უწევს შინ „რაიო ვალეკანოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings