გიორგი მამარდაშვილმა პირველი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და თან ურთულესი შეხვედრა მოუწია, სტუმრად „ჩელსისთან“. თამაში მართლაც დაძაბული გამოვიდა და „ლივერპულმა“ ბოლოს, წამატებულ დროში წააგო – 1:2.
მერსისაიდელებმა უკვე მესამე ოფიციალური თამაში წააგეს ზედიზედ.
გაშვებულ გოლებში კი ქართველი მეკარის დადანაშაულება რთულია. ჯერ იყო და პირდაპირ ზუსტად ცხრიანში, ძელთან წავიდა ბურთი და გიორგის ნახტომი საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე გოლი კი ძალიან ახლოდან, ორიოდ მეტრიდან გაუტანეს.

უნდა ითქვას ის, რომ გიორგიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. განსაკუთრებით ეფექტური იყო 84-ე წუთზე ზედიზედ ორი, ნახტომში მოგერიებული ბურთი. მეორე სეივი, როდესაც ტრადიციულ სტილში გაიშალა და ბურთი კუთხიდან გამოაძრო, თავადაც ემოციურად აღნიშნა.
ქართველმა თავის გუნდში კოდი გაკპოს შემდეგ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Whoscored – 7.2, Flashscore – 7.0, sofascore – 6.7.

ჩელსი – ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 კაისედო (14), 1:1 გაკპო (63), 2:1 ესტევაო (90+6)
„ლივერპული“ 15 ქულით მე-2 ადგილზეა და 19 ოქტომბერს „მანჩესტერს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings