გიორგი მამარდაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა. საქართველოს ნაკრებში წამოსვლის წინ ქართველმა მეკარემ საოცრებები ჩაიდინა სტუმრად “ვილიარეალთან” შეხვედრაში. მან თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან და მაგარი ბურთები აიღო. ასევე მოიგერია პენალტი. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, აქაც საკუთარმა თანაგუნდელმა შეუშალა ხელი, თორემ ალბათ მოასწრებდა წამოდგომას და გუნდის კიდევ ერთხელ გადარჩენას.
ვილიარეალი – ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)
უკვე მე-13 წუთზე მამარდამ გუნდი სამმაგი სეივით გადაარჩინა, ერთ შეტევაში სამჯერ მოიგერია ბურთი. 39-ე წუთზე ლექს ბაენამ შესრულებული პენალტი ცალი ხელით შეაჩერა.
გიორგის საქმე მეორე ტაიმშიც საკმაოდ ჰქონდა. 52-ე წუთზე ჯერ ახლოდან სანტი კომესანას აუღო, შემდეგ კი სორლოტის სახიფათო ჩაწოდებას გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა გოლი. მოწოდებულზე გიორგიმ ბურთი ისევ მოიგერია, მაგრამ თანაგუნდელი დაეცა, წამოდგომა ვერ შეძლო, გიორგისაც არ აცალა და კუენკამ თავით გადაგზავნა ბურთი კარში.
მე-80 წუთზე მორენოს დარტყმულზე მამარდაშვილმა შესანიშნავი რეაქცია და კლასი ერთხელაც გამოავლინა.
გიორგის შეფასებები ასეთია: Flashscore – 8,1; Whoscored – 8.5; Sofascore – 8.5 .
ლა ლიგამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მამარდაშვილი დაასახელა. თუმცა Flashscore-მა და Sofascore-მა ქართველზე უკეთესი შეფასება მის კოლეგას “ვილიარეალის” მეკარე დაუწერეს.
29 ტურის შემდეგ “ვალენსია” 40 ქულით მე-8 ადგილზეა და ევროზონას 6 ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings