დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი სპორტის წარმატებას ელის. პატარ-პატარა გამარჯვებები ბევრი ყოფილა, მაგრამ დიდ გამარჯვებამდე ვერ მივდივართ.
ამ დროის განმავლობაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუხარებია ჩვენი გულები, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა შემცირდა.
იმ ქართველი ფეხბურთელების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, ვიზეც ყველას დიდი იმედები ჰქონდა და ვერ გამართლდა, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. რა არის ამის პრობლემა?
პირველ რიგში, ეს არის პროფესინალიზმის ნაკლებობა და საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა და ამჟამად ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს. ფეხბურთელობა მხოლოდ გართობა როდია, თანამედროვე ფეხბურთი დიდ შრომას მოითხოვს. მხოლოდ ნიჭითა და პერპექტივით ფონს ვერ გახვალ. ფიზიკური თუ ტაქტიკური ვარჯიშები, უნარების განვითარება. 37 წლის კრიშტიანო რონალდო დღესაც კი მაქსიმუმს აკეთებს. ქართველ ფეხბურთელებში კი, ფიზიკური მომზადება რამდენი ხანია მუდმივი პრობლემაა. მეტი დროის დათმობა საკუთარ საქმეზე, მეტი მუშაობა საკუთარ თავთან, რაც უნარებსაც უფრო განავითარებს და ფიზიკურ კონდიციებსაც. არ ვამბობ, რომ გართობაზე უარი თქვა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და მხოლოდ კარგ ავტომობილებსა და გართობაზე ფიქრით ფეხბურთში დიდი წარმატების მიღწევა რთულია. ამიტომაც, რჩებიან ქართველი ფეხბურთელები მუდამ პერსპექტიულებად და ვერ მიდიან წინ.
გიორგი მამარდაშვილი – 21 წლის პატარა ქართველი ბიჭი დიდი ოცნებებით. 2019 წელს იგი საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” მეკარე იყო და იმ წელს მისი კლუბი ეროვნული ლიგიდან გავარდა. თბილისის “დინამოში” მას შანსიც არ მისცეს, რომ შესაძლებლობები ეჩვენებინა. “ლოკომოტივში” ორი მწვრთნელი გამოიცვალა და ძირითადის მეკარე ვერ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა მას ნდობა გამოუცხადა, გუნდის პირველ მეკარედ იქცა და მოსკოვის “დინამოსთან” “ლოკომოტივის” ისტორიულ გამარჯვებაშიც ლომის წვლილი შეიტანა. საქართველოს ეროვნული ლიგიდან გიორგი “ვალენსიამ” სარეზერვო გუნდისთვის იყიდა, მაგრამ თავისი შრომით პირველივე ტურში, ლა ლიგის სამატჩო განაცხადშიც მოხვდა და ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.
“ვიცი, რომ ვალენსიაში დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ ესპანეთში მივდივარ, როგორც კონკურენტუნარიანი მეკარე და ვეცდები ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო”, – ამბობდა გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში გაფრენამდე.
ლა ლიგის საწყის ტურებში ნაჩვენებ კარგ თამაშებს, შეცდომები და სათადარიგო სკამზე გადანაცვლება მოყვა.
ქართველ მეკარეს მწვრთნელი არც სათასო მატჩებში ენდობოდა, მაგრამ გიორგიმ “ყურები არ ჩამოყარა”. შრომა, საკუთარ თავზე მუშაობა გააგრძელა, თავისი შანსი კიდევ მიიღო და ახლა მთელი ესპანური საფეხბურთო მედიაზე მასზე საუბრობს.
“უნდა დავამტკიცო, რომ კარგი მეკარე ვარ”, – თქვა გიორგი მამარდაშვილმა.
სწორედ ასეთი ძლიერი მენტალიტეტი, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და შენი ადგილისთვის ბრძოლა მიგიყვანს ყოველთვის წარმატებამდე და დასახულ მიზნამდე.
“მაინც მოვიგებ” -თქვა კოპა დელ რეის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა.
ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივრის, თხოვნა იქნება ქართველი ფეხბურთელებისადმი, რომ არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთი-ორი გოლით და პატარა წარმატებებით, ჩავარდნის, მძიმე პერიოდის შემდეგ, წარსულით არ იცხოვროთ. პირიქით, გაორმაგებული მოტივაციითა და ენერგიით გააგრძელეთ ბრძოლა მიზნებისთვის, რადგან წარსულზე ფიქრი არაფერს მოგცემთ არც თქვენ და არც ჩვენ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და რაც მთავარია ფეხბურთს მეტი დრო დაუთმეთ.
გიორგი მამარდაშვილი არის ძალიან კარგი მაგალითი, მონდომებით, შრომითა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, როგორ უნდა გახდე წარმატებული ფეხბურთელი და მხოლოდ ნიჭზე არ იყო დამოკიდებული.
მიბაძეთ მამარდას და რაც მეტი ფეხბურთელი იქნება ასეთი მიდგომით, ქართული ფეხბურთიც უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings