in ,

მაინც ბაიერნი: ბუნდესლიგის საოცარი დასასრული – დორტმუნდმა მეტოქეს ჩემპიონობა მიართვა

გერმანიის ჩემპიონატის დასასრული საოცარი და დრამატული გამოდგა. ბუნდესლიგას სჩვევია ასეთი რამეები, მაგრამ ეს მაინც დიდხანს ემახსოვრებათ ქომაგებს. თუმცა დანანებით დორტმუნდელებს, რომელთა საყვარელი „ბორუსია“ ერთ, თან თითქოს არც თუ რთულ ნაბიჯში იყო სანუკვარ ვერცხლის სინთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გუნდს ფეხი დაუსხლტა და გერმანიის ჩემპიონი ისევ „ბაიერნი“ გახდა. თუმცა, თავის მხრივ კინაღამ „ბაიერნსაც“ იგივე დაემართა.

მოკლედ, წინა ტურში წაგების გამო ლიდერი „ბაიერნი“ მეორეზე დაქვეითდა და გალიდერებულ „ბორუსიას“ ბოლო ტურში სრულიად უმოტივაციო „მაინცისთვის“ უნდა მოეგო. ქალაქი ზეიმისთვის მოემზადა, მაგრამ 25 წუთში გუნდი უკვე 0:2-ს აგებდა. აღსანიშნავია, რომ 0:1-ზე, მე-19 წუთზე სებასტიან ალემ პენალტი გააფუჭა და „ბორუსია“ შესვენებაზე 0:2-ით გავიდა.

პარალელურად „ბაიერნი“ კიოლნში 1:0-ს იგებდა (კომანი, 8 წთ) და ამის გამო დორტმუნდელებს მეორე ტაიმში 3 გოლის გატანა მართებდათ.
და წავიდა გასატანად. „მაინცი“ კი ისე იცავდა საკუთარ კარს, გეგონებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს თამაშობდა. მასპინძლები ქმნიდნენ უამრავ ხიფათს, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან რთული იყო საგოლე მომენტების შექმნა. არც იღბალი სწყალობდათ მასპინძლებს და გოლი იგვიანებდა. თუმცა 69-ე წუთზე გერეირომ როგორც იქნა გაქვითა ერთი ბურთი და დორტმუნდი იშტაზე მოვიდა. შეტევები გრძელდებოდა, ხიფათიც, მაგრამ მეორე ბურთი არაფრით შევიდა.

და ამ დროს მაშველად „კიოლნი“ მოევლინა. თამაშების დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, მსაჯს გამეორებაზე უკარნახეს და „ბაიერნის“ კარში პენალტი დაინიშნა. „კიოლნმა“ ანგარიში გაათანაბრა. ბავარიელთა ფრე დორტმუნდს ხელს აძლევდა და ჩემპიონი ხდებოდა.


„სიგნალ იდუნა პარკის“ მზერამ კიოლნისკენ გადაინაცვლა. 88-ე წუთზე ლეროი სანე პირისპირ დარჩა მეკარესთან და 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა გაგრძელებული შეტევა უზუსტესი დარტყმით, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ჩასვა მოედანზე სამიოდ წუთის წინ გამოსულმა ჯამალ მუსიალამ.
მოკლედ, ყველაფერი დორტმუნდის საწინააღმდეგოდ აეწყო.

„ბორუსიამ“ ინერციით გააგრძელა შეტევები და შექმნა მორიგი ხიფათი. გამართლებით კი ბოლოს გაუმართლა, როდესაც ზიულემ 90+6 წუთზე (მატჩს 5 წუთი დაემატა) გაიტანა. მერე მსაჯმა ერთი ქაოტური შეტევაც აცალა, მაგრამ…

ორივე გუნდმა 71 ქულა მოაგროვა, მაგრამ ვერცხლის სინი „მაინცის“ წყალობით მაინც „ბაიერნს“ დარჩა.

ბორუსია – მაინცი 2:2 (0:2, 2:0)
0:1 – 15 ჰანჩე-ოლსენი, 0:2 – 24 ონისივო, 1:2 – 69 გერეირო, 2:2 – 90+6 ზიულე.

კიოლნი – ბაიერნი 1:2 (0:1, 1:1)
0:1 – 8 კომანი, 1:1 – 81, ლუბიჩიჩი, პემ, 1:2 – 89 მუსიალა.

„ბაიერნი“ 33-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

“ბაიერნი” ზედიზედ მე-11 გახდა ჩემპიონი. ეს ტოპ 5 ლიგის რეკორდია.

„ბორუსია“ ბოლო 11 წლის განმავლობაში 7-ჯერ გავიდა მე-2 ადგილზე.

ტუხელმა პირველი ტროფეი მოიგო „ბაიერნში“ და მე-11 მწვრთნელის კარიერაში.

„უნიონი“ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

„შალკე“ და „ჰერტა“ გავარდნენ, ხოლო „შტუტგარტი“ გადათამაშებაში ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვს საფრანგეთში იწვევენ, მექვაბიშვილს იტალიაში…

სპალეტიმ ტატუ დაიხატა: პრეზიდენტმა ახალი კონტრაქტი და მილიონები შესთავაზა – ლუჩანომ მაინც არაო