ცნობილი ფრანგული გამოცემა “ეკიპი” საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, დევიდ უებს დაუკავშირდა და თანამედროვეობის უპირველეს ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. მოდით, გავიგოთ, რას ფიქრობს მისტერ უები.
“უნდა აღინიშნოს, რომ ბრწყინვალე შეტევით პოტენციალთან ერთად, ხვიჩამ შეიძინა დაცვაში თამაშის შესანიშნავი უნარები. ყოველივე ამან ის “პარი სენ-ჟერმენისათვის” გამორჩეულ ინდივიდად აქცია. თუ მხედველობაში მივიღებთ ფიზიკურ ასპექტს, შეიძლება ითქვას, რომ ის უბრალოდ ფენომენალურია.
საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ საპლეიოფო შეხვედრაში მას ნამდვილი შოკური თერაპია ჩაუტარეს, მაგრამ ხვიჩამ ყველაფერს გაუძლო. ის მინდვრიდან მხოლოდ დამატებით დროში გავიხმეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა ტრავმის ალბათობა.
ხვიჩას მინდორზე ბევრი რამ შეუძლია – სირბილი, აჩქარება… ის არ ერიდება თუნდაც ხისტ ორთაბრძოლებს. ეს კომპონენტი მისთვის თამაშის ჩვეულებრივი ნაწილია და ის არასოდეს არის მოვლენებზე გვერდიდან მაყურებელი ფეხბურთელი.
კვარაცხელიამ ყველას აჩვენა, რომ ის არამხოლოდ დრიბლიორია, არამედ კარგად შეუძლია მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშიც. ის მოქმედებს ფართო დიაპაზონით და ვინაიდან თამაშს კარგად კითხულობს, ნებისმიერი ზონიდან შეუძლია საფრთხე შეუქმნას მოწინააღმდეგეს – ფლანგიდან, ცენტრიდან, ხაზებს შორისაც კი…
მისი ხასიათის თვისებაა, რომ მის მიმართ არ ჰქონდეთ განსხვავებული დამოკიდებულება. ის არასოდეს არაფერს ითხოვს. მას გულით უნდა, რომ იყოს გუნდის რიგითი წევრი და ისევე შეასრულოს დავალებები, როგორც მისი პარტნიორები ასრულებენ. ვიტყვი უფრო მეტსაც – ყველაზე რთული მისი მინდვრიდან გაყვანა მაშინ არის, როცა ვარჯიში მთავრდება.
კვარაცხელია ძალიან თავდაჯერებულია, თუმცა, ამავე დროს, ის ჩუმი და წყნარია. პირველ რიგში, თავისი ქცევითაა ლიდერი”, – აღნიშნა უებმა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings