in

ლურჯი ზვიგენები: რა გუნდია კაბო ვერდე

აქამდეც ვიცოდით, რომ 5 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” უმასპინძლებდა ფარერების უპირველეს გუნდს. ახლა კი გაცხადდა, რომ 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვეთამაშებით კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს…

…სწორედ ამ მატჩებით მოემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ცხადია, გვსურდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები უფრო ძლიერი ნაკრებები ყოფილიყვნენ, მაგრამ… მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ფარერების ნაკრები თავის დროზე უკვე წარვუდგინეთ მკითხველს, ახლა კი ამ პატარა წერილით კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს გაგაცნობთ და იმთავითე ვიტყვით, რომ მეტოქე ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის და 2026 წლის მსოფლიო თასზე გასვლის მშვენიერი შანსიც აქვს.

კაბო ვერდე (პორტუგალიური სახელწოდება, ქართულად – მწვანე კონცხი) ციცქნა კუნძულოვანი ქვეყანაა ატლანტის ოკეანეში. არის პორტუგალიის ყოფილი კოლონია, რომელმაც 1975 წელს მომხდარი მოიპოვა დამოუკიდებლობა.

ეროვნული ნაკრები 4-ჯერ იყო წარდგენილი აფრიკის თასის გათამაშებაში, ახლა კი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპისკენ მიილტვის და, მართალია, ჯგუფში კამერუნი ჰყავს, მაგრამ მაინც კარგ შანსს ინარჩუნებს.

2025 წელს კაბო ვერდეს ნაკრებმა მსოფლიოს თასის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა. “ზვიგენებმა” ჯერ მაურიტიუსს მოუგეს (2:0), მერე კი რთულ გასვლით შეხვედრაში აჯობეს (2:1) ანგოლის უპირველეს გუნდს.

ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი, 55 წლის ბუბიშტა (სრული სახელი – პედრო ლეიტაუ ბრიტუ) წვრთნის. ის ამპლუით ცენტრალური მცველი გახლდათ და თავის დროზე ესპანურ “ბადახოსსა” და პორტუგალიურ “ეშტორილში” უთამაშია. ბუბიშტა ადრე უკვე წვრთნიდა ქვეყნის მთავარ გუნდს. სამშობლოს გარდა კი ანგოლურ “პროგრესოშიც” უმუშავია მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

ნაკრების ლიდერებიდან უნდა გამოვარჩიოთ პორტუგალიური “შავეშის” მეკარე ვოზინია, ირლანდიური “შემროკის” მცველი პიკო, ესპანური “ვილიარეალის” უკანახაზელი ლოგან კოშტა (“ტრანსფერმარკტის” მიხედვით, 15 მილიონ ევროდ ფასობს), “კრასნოდარის” შუახაზელი კევინ პინა, “ლუდოგორეცის” ნახევარმცველი დევონ დუარტე, თურქული “ქოჯაელისფორის” ფორვარდი, ფრანგულ “ლილში” გამობრძმედილი, გუნდის კაპიტანი, რაიან მენდეში და კიდევ ერთი თავდამსხმელი, ბერძნულ “ოლიმპიაკოსსა” და თურქულ “გალათასარაიში” ნათამაშები გაი როდრიგეში.

რაც შეეხება ვეტერან ფორვარდ ბებეს, ვინც თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედშიც” კი იყო და მერე ბლომად გაჰქონდა ესპანურ “რაიო ვალეკანოში”, ახლა კარიერის დაისზეა, ესპანურ “იბისაში” თამაშობს და ნაკრებში იშვიათად იწვევენ.

აღსანიშნავია, რომ კაბო ვერდეს ნაკრების ფეხბურთელთა უდიდეს უმრავლესობას პატარა ასაკიდანვე საფეხბურთო წრთობა პორტუგალიაში აქვთ გავლილი, ბევრი კი ამ ქვეყანაშია დაბადებულ-გაზრდილი. ნაკრების საშუალო ასაკი 28,6 წელია, ხოლო ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება – 37,85 მილიონ ევროა.

მოკლედ, კაბო ვერდეს ნაკრები არც ისე სუსტი ჩანს, როგორც ერთი შეხედვით ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს. დანარჩენს ქუთაისში ვნახავთ. ფაქტი ისაა, რომ საფეხბურთო გაქანებით კაბო ვერდე გვარიანად წინ დგას ჩვენს კიდევ ერთ მეტოქე ფარერებზე…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფა ევროთასებზე ცვლილებებს აპირებს: აღარ გვინდა დამატებითი დრო

ემპოლი ფინალში ვერ გავიდა, გოგლიჩიძემ მეორე ტაიმი ითამაშა