დიიდი უცნაური ვინმეა ბატონი რომელუ ლუკაკუ. შარშან ამ დროს, „ჩელსიმ“ მის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა გადაიხადა და პერმიერ ლიგის მეორე ყველაზე ძვირფას მოთამაშედ იქცა, მაგრამ საქმე კარგად ვერ აეწყო და დეკემბერში ბელგიელმა „ინტერს“ ოდები დაუწერა- იქ ვიყავი ბედნიერი, რას მოვდიოდიო… ბელგიელმა თავისი გაიტანა და გუშინ, ოფიციალურად დაბრუნდა „ინტერში“, ოღონდ იჯარით, მაგრამ სტატიის მთავარი თეზისი, რომ ლუკაკუ უცნაური კაცია ამ ამბავში არ გამოიხატება.
„როდესაც ხალხი ბენზემაზე, ლევანდოვსკიზე, სუარესსა და კეინზე საუბრობს, მუდმივად მსოფლიო დონის მოთამაშეებად მოიხსენიებს, ხოლო ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ კარგ ფორმაში ვარ… მე ყოველთვის ამ კლასში ვიყავი“- მის სიტყვებს “espn” აქვეყნებს. ამბიცია კარგია და უამბიციო ფეხბურთელი 100 მილიონად ვერ შეფასდება, თუმცა…
ბენზემა? კარიმ მუსტაფა ბენზემა? – სულ რომ რკინის ქალამნები ჩაიცვას და დედამიწა შეძრას მაინც ვერ იპოვის მაგ სიმართლეს. კარიმ ბენზემას 2021/22 წლების სეზონი, უბრალოდ შედევრალურია. მასზე „ქლაჩ“ მოთამაშე რთულად მოსაძებნია… ოქროს ბურთს რომ აიღებს ეგეც ვიცით, ჰოდა რაუნდა ამ კაცს?
ლევანდოვსკიზე რა ვთქვათ, კაცი ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და სეზონში, სტაბილურად გააქვს 30 გოლი. ლუკაკუმ გასულ სეზონში 15 გოლით გამოიჩინა თავი, თან ყველა ტურნირზე. ლევანდოვსკი სტაბილურობის ნიმუშია და ამას დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება.
ყველას დეტალურ გარჩევაში, ნამდვილად არ შევალთ, მაგრამ თავისავე სიტყვებს ლუკაკუს კარიერა პასუხობს. ბელგიელს თითქმის ყველა სეზონში 20-ზე მეტი გოლი გააქვს, მაგრამ რავუყოთ, რომ ხანდახან 14-15 ბურთიანებიც გამოერევა? სიტყვა სტაბილურობის არსი, სწორედ ისაა, რომ წყვეტის გარეშე უნდა ახერხებდე გოლეადორობას. ჰო, მკითხველმა, შეიძლება, თქვას, რომ არც ბენზემა იყო მუდმივად გამორჩეული, მაგრამ დაასახელეთ ლუკაკუსაგან წლევანდელი ბენზემას დარი სეზონი და საუბარი დასრულდება. თან, ბენზემას 9 წლის განმავლობაში რონალდუს თანაგუნდელობა უწევდა. იყო რობინი და გახდა ბეტმენი…
GIPHY App Key not set. Please check settings