„სალერნიტანამ“ სერია B-ში დარჩენისთვის პლეი-ოფის პირველი მატჩი „სამპდორიასთან“ წააგო (0:2) და შინ დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელები და პერსონალი მძიმე საკვებით მოწამვლის გამო პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.
21 ადამიანი!
გუნდმა თამაშამდე ბრინჯიანი კერძი მიირთვა, თუმცა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეს მატჩის შემდეგ მოხდა.
ასეა თუ ისე, „სალერნიტანას“ ფეხბურთელები და პერსონალი უკან დაბრუნებისას თვითმფრინავში თავს ცუდად გრძნობდნენ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები აფრენისთანავე დაიწყო და დროთა განმავლობაში მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა, ბევრი კი ძლიერ ტკივილს განიცდიდა.
აეროპორტში ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა თვითმფრინავს, რომელმაც ფეხბურთელები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანა. Gazzetta 16 ადამიანის შესახებ წერს, Sky კი კიდევ უფრო დიდი რიცხვის – 21-ის შესახებ იუწყება.

ზოგიერთი მოთამაშე რამდენიმე საათის შემდეგ გაწერეს, ზოგი კი საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა.
„სალერნიტანამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ კლუბის ოფიციალური პირები აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მიზეზად კი „მძიმე საკვებით მოწამვლა“ დაასახელა და დაგეგმილი ვარჯიში გააუქმა.
სანამ „სალერნიტანა“ გამოჯანმრთელებას ცდილობდა, გენუის პოლიცია იმ სასტუმროში წავიდა, სადაც გუნდი იმყოფებოდა. მათ აუხსნეს, რომ საკვები „სალერნიტანას“ დიეტოლოგის ინსტრუქციის მიხედვით მომზადდა და შემდეგ მიიტანეს. მიიჩნევენ, რომ პრობლემები საკვების არასათანადო შენახვის გამო წარმოიშვა.
ახლა „სალერნიტანა“ საპასუხო მატჩის გადადებას ითხოვს. თამაში 20 ივნისს არის დაგეგმილი, ანუ მოწამვლიდან ოთხი დღის შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings