სალერნიტანა (ლუკა ლოჩოშვილი) – სამპდორია 0:2 (პირველი მატჩი 0:2).
“სალერნიტანას” ისეთი “გულშემატკივრები” ჰყავს, “სიამაყით” უნდა ივსებოდეს – მატჩში, რომელშიც გუნდის სერია B-ში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ისეთი ამბავი ატეხეს ტრიბუნებზე, არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა – ჯერ პეტარდები ისროლეს მოედანზე, მერე სავარძლები ააგლიჯეს ტრიბუნებზე და ისინიც მოედანზე გადმოყარეს.
ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა და გუნდები, რომლებიც ამ დროს გასახდელს აფარებდნენ თავს, მოედანზე დაბრუნდნენ, თუმცა… ქაოსი გაგრძელდა და არბიტრმა მეორედ შეწყვიტა მატჩი – მეორედ და საბოლოოდ!
მატჩის დელეგატთან მოთათბირების შემდეგ მან ოქმში გააფორმა “სალერნიტანას” მარცხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სალერნოელები სერია C-ში გავარდნენ, ხოლო “სამპდორია” სერია B-ში დარჩა. რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მატჩის შეწყვეტის მომენტში მას თავის გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა – 7,3.
ის “სალერნიტანაში” იჯარით თამაშობდა და კონტრაქტის მიხედვით, უნდა დაბრუნდეს “კრემონეზეში”, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სერია A-ში იასპარეზებს. ოღონდ, დარჩება თუ არა ლუკა საბოლოოდ “კრემონეზეში”, ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.

მოლდოვა. პოლიტეხნიკა – შერიფი (ვლადიმერ მამუჩაშვილი) 0:4. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი – პირველივე ტურში დუბლი შეასრულა. გაიტანა მატჩის მეორე და მესამე გოლები. შეცვალეს 75-ე წუთზე.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings