პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ სტუმრად „ფამალიკაოს“ მოუგო – 2:1.
ქოჩორაშვილი ძირითადში იყო და 68-ე წუთამდე ითამაშა, მასპინძელთა გუნდში კი ოთარ მამაგეიშვილი თადარიგში დარჩა.
12-ქულიანი „სპორტინგი“ მომდევნო მატჩს 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე შინ „კაირატთან“ ჩაატარებს.
ნოდარ ლომინაძემ პორტუგალიაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ეშტორილს“ „ავეშთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა.
მან გოლი მე-12 წუთზე გაიტანა: საჯარიმოს ხაზთან დახვდა გასწვრივ პასს, გასცდა მცველს და მეკარეც ხელმოცარული დატოვა. შეფასებები: Flashscore – 7.9; Sofascore – 8.0; Whoscored – 7.8.
იური ტაბატაძემ პირველად ითამაშა „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში. ლა ლიგა 2-ის მე-5 ტურში ქართველის გუნდმა შინ „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა. ესპანეთში გადასვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტაბატაძემ ვერ გაიტანა. „კადისი“ 11 ქულით მესამე ადგილზეა.
სერია B-ს მე-3 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პადოვას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ და გურამ კაშიას „სლოვანმა“ ქულები გაიყვეს – 3:3. კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მცირე ტრავმის გამო თამაში გამოტოვა ზურიკო დავითაშვილმაც, რომლის „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 2-ის მე-5 ტურში „კლერმონს“ სტუმრად 2:1 მოუგო.
ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ შინ „ბლექბერნთან“ 0:1 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელსაც ტრავმის გამო აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ისევ არ ყოფილა განაცხადში.
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში მორიგი ჰეთთრიკი შეასრულა და „შანდონგ ტაიშანს“ „შანხაი შენხუასთან“ თამაშის გადარჩენაში დაეხმარა – 3:3.
ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში სამჯერ გაათანაბრა – 37-ე, 45+4-ე და 85-ე წუთებზე. ეს მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის 22-ე, ბოლო 7 მატჩში მე-14 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings