აშკარად მატულობს ინტერესი გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ მას მერე, რაც კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ “სპორტინგთან”. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ვრცელი წერილი მიუძღვნა “ო ჟოგუმ”. პოპულარული გამოცემა დაუკავშირდა ცნობილ ესპანელ (ვალენსიელ) ჟურნალისტ რაფა ესტევეს, რომელიც მიიჩნევს, რომ პორტუგალიური გრანდი ქოჩორაშვილისთვის “ბოლო დიდი გაჩერება” არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სეზონს “ლევანტეში” ჩაამთავრებს და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ვიცით – ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გუნდი ლა ლიგაში დაბრუნდეს, ხოლო შემდეგ ვალმოხდილი მიაშურებს ლისაბონს.
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს პროფესიულ კარიერაში გამორჩეული, საუკეთესო პერიოდი უდგას. ეს ფეხბურთელი “ლევანტეში” გამოჩნდა 2019/20 წლების სეზონში. მაშინ ის თავისუფლად შეიძლებოდა, შეგვედარებინა დაუმუშავებელი ალმასისთვის.
ქოჩორაშვილი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო თავისი უნარებით. თუ თავიდან ის მხოლოდ საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, თანდათანობით მისი შემოქმედებითი სივრცე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოუმატა ტექნიკურ შესაძლებლობებში და დღეს ნამდვილ უნივერსალად გვევლინება, ვისაც გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
მე ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი ქოჩორაშვილი არამხოლოდ “სპორტინგის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება, არამედ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუი ბორჟისის ხელმძღვანელობით მოედანზე უაღრესად მნიშვნელოვანი როლიც ექნება.
საერთოდ, როცა ფეხბურთელის მიმართ იანვრის სატრანსფერო ბაზრის დროს ჩნდება ინტერესი, ყოველთვის ვთვლი, რომ ეს არის ცდა, გამოსწორდეს ნაკლოვანებები ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში. “სპორტინგის” მიერ გადადგმული ნაბიჯი გვაჩვენებს, რომ ის სცდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოვლენილ უბრალო ინტერესს. კლუბის მხრიდან არსებობს განცდა, რომ ქოჩორაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება “სპორტინგისთვის”.
თუ გავითვალისწინებთ იმ თანხას, რომელიც პორტუგალიურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხადა, შემიძლია ვთქვა, რომ “სპორტინგისთვის” ეს ბრწყინვალე ტრანსფერია. “ლევანტეში” მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის ფასი გაცილებით დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ესპანური კლუბის ფინანსური მდგომარეობა რთულია და 5,5 მილიონი ევრო მისთვის ერთგვარ სამაშველო რგოლადაც კი მივიჩნიოთ.
ვადევნე რა თვალი მის არაერთ თამაშს, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქოჩორაშვილი უფრო “ექვსიანია”, თუმცა “ათი” და “რვა” ნომრის პოზიციებზეც შეუძლია თამაში. როცა ის “ლევანტეს” მეორე გუნდში თამაშობდა, მაშინ მე ის უფრო მოისეს კაისედოს მაგონებდა. ახლა კი უფრი ენცო ფერნანდესსა და გავის ვამსგავსებ. და თუ ქოჩორაშვილი ასეთივე ტემპით გააგრძელებს ზრდას, მაშინ, სიმაღლისდა მიუხედავად, მომავალში იაია ტურე გახდება.
ძალიან რთულია, ახლა განსაზღვრო ის, თუ სად არის გიორგი ქოჩორაშვილის ზედა ზღვარი. მჯერა, ის პორტუგალიაში წარმატებას მიაღწევს, თუმცა აქ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი – როგორც წესი, იქაური გუნდები, და მათ შორის “სპორტინგიც”, ორიენტირებულები არიან იმ ფეხბურთელების გასხვისებაზე, რომლებიც ინტერესის საგანს წარმოადგენენ.
მათთვის ეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაა. ამიტომ მგონია, რომ “სპორტინგი” სულაც არ იქნება მისი ბოლო კლუბი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჟოაო ფელიქსის, რენატო სანჩესისა და ენცო ფერნანდესის ტრანსფერები. მომავალში მე ქოჩორაშვილს ვხედავ კანდიდატად, ითამაშოს ევროთასებზე მოასპარეზე პრემიერლიგურ კლუბში, ან სერია A-ს პირველი სამეულის რომელიმე კლუბში”, – წერს რაფა ესტევე.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings