საფრანგეთში ყველაზე დაძაბული ბრძოლა იყო ტიტულისთვის ტოპ ჩემპიონატებს შორის. ბოლო ტურამდე სამ გუნდს შეეძლო პირველ ადგილზე გასვლა.
მთავარი პრეტენდენტები „ლილი“ და პსჟ იყვნენ, სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა პარიზელებს ექნებოდათ. ასე რომ, „ლილს“ მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. თეორიული შანსი „მონაკოსაც“ რჩებოდა, მაგრამ მის სასარგებლოდ ბევრი რამ უნდა დამთხვეოდა.
„ლილი“ სტუმრად უმოტივაციო „ანჟერს“ უკვე პირველ ტაიმში 2:0-ს უგებდა და მატჩის ბოლოს (92-ე წუთი) რომ გაუშვა, ეს უკვე არაფერს ნიშნავდა. პსჟ-მ „ბრესტი“ დაამარცხა გასვლაზე 2:0 და ამან მხოლოდ მე-2 ადგილი მოუტანა გრანდს.
ეს „ლილისთვის“ მე-2 ტიტულია ბოლო 10 წელიწადში და ისტორიაში მე-4. აქამდე „ძაღლები“1945/46, 1953/54 და 2010/11 წლებში პირველობდნენ.
პსჟ-მ ჩემპიონატი ბოლო 9წელიწადში მეორედ წააგო.
ვინ მოხვდნენ ევროტურნირებზე
მესამე ადგილზე „მონაკო“ გავიდა და შესაბამისად საფრანგეთს ჩემპიონთა ლიგაზე „ლილი“, პსჟ და „მონაკო“ წარმოადგენენ (საგრაფოს გუნდი ორი წელი არ ყოფილა მთავარ ტურნირზე).
საფრანგეთს მხოლოდ ერთი ადგილი აქვს ევროპა ლიგაზე და ეს ადგილი „ლიონს“ ერგო.
მე-5 ადგილისათვის ბრძოლაში საბოლოოდ „მარსელმა“ ოდნავ აჯობა „რენს“ და ამის გამო კონფერენს ლიგაზეც ის გამოვა.
ვინ გავარდა და ვინ გადმოვა
ბოლო ტურმდე დაქვეითების კანდიდატები ერთბაშად 6 კლუბი იყო. ყველაზე ცუდი მდგომარეობა თითქოს „ნანტს ჰქონდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით არც თუ ურიგო. თუმცა რადგან შინ „მონპელიესთან“ 1:2 წააგო, გადათამაშებაც მას მოუწევს. არადა, „ბრესტი“ პსჟ-სთან დამარცხდა და „ნანტს“ შინ რომ მოეგო, გადარჩებოდა კიდეც. ასე გაუმართლა პირველ რიგში „ბრესტს“ და ასევე „ლორიანს“, „სტრასბურს“ და „რეიმსს“. მეორე ლიგაში გავარდნენ „ნიმი“ და „დიჟონი“.
სამი წლის შემდეგ ლიგა 1-ში გამოჩნდება „ტრუა“. დებიუტი ექნება „კლერმონს“ – პირველ პროფესიულ კლუბს საფრანგეთში, რომელმაც ჯერ კიდევ 2014-ში დანიშნა ქალი მწვრთნელი.
დარჩენილი მესამე ადგილისთვის კი გადათამაშებაა – „ნანტი“ და „ტულუზა“ ორ მატჩში ითამაშებენ 27 და 30 მაისს.
ინდივიდუალურები
საუკეთესო ბომბარდირი გახდა კილიან მბაპე. მან ბოლო ტურშიც გაიტანა და 27 გოლი დაუგროვდა. მბაპე ზედიზედ მესამედ გახდა ლიგა 1-ის ბომბარდირი.
საუკეთესო ასისტენტი გახდა მემფის დეპაი – 12 შედეგიანი პასი.
ფრანგული „ოქროს ხელთათმანი“ მისცეს „ლილის“ მეკარე მაიკა მანიანუს, რომელსაც 21 მშრალი მატჩი მოუგროვდა. ამბობენ, დონარუმას მაგივრად „მილანში“ მიდისო.
GIPHY App Key not set. Please check settings