„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე შეთავაზება საკმაოდ გვიან მიიღო და რთულად წარმოსადგენია, რომ ინგლისური კლუბი მას დათანხმდეს, – ინფორმაციას turkish-football-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერი მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართველ მეკარეს „ბეშიქთაში“ იწვევს და მზად არის, მის 6-თვიან იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ მეორე მეკარეა. ალისონ ბეკერის ტრავმის გამო სეზონის დასაწყისში ქართველმა პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა.
თეორიულად, „ლივერპულს“ შეუძლია მესამე ვარიანტიც განიხილოს და „აიაქსიდან“ ერთწლიანი იჯარით გაშვებული მეკარე, ვიტეზლავ იაროში დაიბრუნოს, რათა მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში საჭირო რესურსი უზრუნველყოს. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელის მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ, მამარდაშვილის იჯარით სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა უარყო.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings