მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა ან ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „სიტი“ ტურნირს გამოეთიშა: ვის როგორც უფრო სწორი ჰგონია ისე დაალაგოს. ფაქტი ფაქტად რჩება, ამ ტურნირის მთავარი გუნდი კიდევ ერთი ტიტულისკენ მიიწევს. ინგლისის საუკეთესო გუნდი საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა მეტოქეს არცერთ მატჩში, მაგრამ მოგებული მაინც „რეალი“ დარჩა – დამსახურებულად. „სიტიმ“ ნაადრევი გოლი გაუშვა და მერე ძლივს გაუთანაბრა, რის შემდეგაც კიდევ ჰქონდა მოსაგები შანსი. პენალტების სერიაშიც დაწინაურდა, მაგრამ…
„ბაიერნმა“ მძიმე თამაშში ერთხელ მაინც მოარგო გასაღები რაიას კარს და ახლა კლასიკა გველოდება: გერმანიის მთავარი გუნდი 30 აპრილს უმასპინძლებს “რეალს”, ხოლო მადრიდში თამაში 7 მაისს გაიმართება.
და კიდევ: 2020 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ არის არცერთი ინგლისური კლუბი. მაშინ ტურნირი „ბაიერნმა“ მოიგო.
სიტი – რეალი 1:1, პენ 3:4
პირველი მატჩი 3:3
გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)
კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, ვინც სამჯერ გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან პეპ გვარდიოლა.
“რეალმა” მეექვსედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადიიდან ტურნირის მოქმედი გამარჯვებული – სულ მცირე, ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
გვარდიოლა მეოთხედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან.
„რეალი“ მეჩვიდმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც რეკორდია. მეორეა ამ მაჩვენებლით „ბაიერნი“ – 13 ნახევარფინალი.
ანჩელოტი გაუთანაბრდა გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლების რაოდენობით – ორივე მწვრთნელი 10-10-ჯერ მოხვდა ამ ეტაპზე. შესაბამის ცხრილში ისინი პირველ ადგილს იკავებენ. რვა ნახევარფინალი ჰქონდა ჟოზე მოურინიოს, შვიდი – სერ ალექს ფერგიუსონს.
ანჩელოტიმ მე-60 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იყოფს ვისენტე დელ ბოსკესთან და ჩამორჩება მხოლოდ მიგელ მუნიოსს (71 მატჩი 1958-74 წლებში).
როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მეცხრე ფეხბურთელია, ვისაც ტურნირზე 20 გოლი დაუგროვდა. მასზე წინ არიან: ამანსიო (21), სანტილიანა (21), ფრანსისკო ჰენტო (31), ფერენც პუშკაში (35), ალფრედო დი სტეფანო (49), რაული (66), ქარიმ ბენზემა (78) და კრიშტიანო რონალდო (105).
კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) “რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში 8 გოლში (4+4) მონაწილეობდა, რაც “ბაიერნის” ყოფილი ფორვარდის, ჯოვანი ელბერის შედეგის გამეორებაა.
ბაიერნი – არსენალი 1:0
პირველი მატჩი 2:2
გოლი: 1:0 კიმიხი (64. გერეიროს პასით)
“ბაიერნმა” მეხუთედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფიდან “არსენალი”. მხოლოდ “რეალს” ჰყავს დამარცხებული ტურნირის ფლეი-ოფში უფრო მეტჯერ (6) ერთი კონკრეტული ოპონენტი (“ბაიერნი”).
თომას ტუხელი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მიაღწია. ადრე მან ეს „ჩელსისა“ და პსჟ-თან ერთად შეძლო.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე მეტი გუნდი ჟოზე მოურინიოს ჰყოლია: 4 – „პორტო“, „ჩელსი“, „ინტერი“ და „რეალი“.
მანუელ ნოიერმა (“ბაიერნი”) ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 138-ე მატჩში 58-ედ შეინახა კარი “მშრალად” და გააუმჯობესა იკერ კასილიასის (“რეალი”) რეკორდი – 57 “მშრალი” კარი 177 მატჩში.
ჯოშუა კიმიხის (“ბაიერნი”) მიერ “არსენალის” კარში გატანილი გოლით დამყარდა შედეგიანობის რეკორდი (31) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე მთელი ტურნირის ისტორიაში.
„ბაიერნი“ 2020 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.
ბოლო 10 წელიწადში „ბაიერნი“ მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
„ბაიერნმა“ მეხუთედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან „არსენალი“. ეს გუნდები 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ამ ტურნირზე: გერმანელებმა 8-ჯერ მოიგეს, სამჯერ წააგეს და სამი მატჩი ფრედ დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings