საქართველოს ეროვნული ნაკრების სამარცხვინო სანაკრებო პაუზის შემდეგ, კომენტარი ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში პრობლემები ძალიან კომპლექსურია და ნაკრებს ქართველი სპეციალისტი სჭირდება, რომელმაც კარგად იცის ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულო და ქართველების მენტალიტეტი.
“საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი სჭირდება, ეს ჩემი აზრია. დროის სიმცირის გამო, უცხოელს ფეხბურთელების გასაცნობად ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ადგილობრივს, ამასთანავე, ენის ბარიერიც პრობლემაა. თარჯიმანი სხვანაირად თარგმნის, ინფორმაცია იმ სიზუსტით არ მიდის ფეხბურთელებთან, როგორც საჭიროა. მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში, უცხოელების შემთხვევაში კვალიფიკაცია და ხარისხი უფრო დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ქართველი მწვრთნელი უფრო გვჭირდება.
რამდენმა უცხოელმა იმუშავა საქართველოს ნაკრებში? ქართველიც არაა ჯადოქარი, მაგრამ შიდა სამზარეულო უკეთესად იცის. თუ მაინცდამაინც უცხოელმა უნდა იმუშაოს, 3-4 წელი მაინც უნდა ჰქონდეს დრო. ნაკლები კლუბი არ არის, მხოლოდ 3-4 დღე გაქვს მოსამზადებლად. რა უნდა მოასწროს მწვრთნელმა? მას ევალება, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია, ის კადრები გამოიყენოს. ესაა ნაკრების დნმ.
დეტალია, მაგრამ მაინც გამიკვირდა, სამი მცველით რომ გადაწყვიტა თამაში. ეს ძალიან სპეციფიკური ტაქტიკაა და იმ გუნდებსაც კი უჭირთ, რომლებიც ამაზე წლების მანძილზე მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დაბნეულობაზეც მიანიშნებს. სამ და ხუთ მცველზე გადასვლა მაშინ ხდება, როცა სხვა გზა მოჭრილი გაქვს, მაგრამ ამას სათანადო დამუშავება სჭირდება. შედეგებითაც ჩანს, რომ დიდი ზონები რჩებოდა და ამ ტაქტიკამ ვერ იმუშავა”, – განაცხადა ლევან ყენიამ.
GIPHY App Key not set. Please check settings