საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ იტალიურ “ემპოლისთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს და არ გამორიცხავს იტალიურ კლუბში დაბრუნდეს.
“გუნდის ძიების პროცესში ვარ. დასამალი არაა, მქონდა მოლაპარაკებები “ემპოლისთან”. ამ გუნდში 15 წლიდან ვთამაშობდი და ის ჩემი მეორე ოჯახია. ამიტომაც იქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავბრუნდები. იტალიაში ცხოვრების უფლება მქონდა, მაგრამ როდესაც ერთი წელი წამოსული ხარ, ეს უფლება უქმდება. ამჟამად “ემპოლიში” ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამი ფეხბურთელი თამაშობს და ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. დარწმუნებული ვარ გუნდი წელს სერია ა-ში გადასვლას შეძლებს და ზაფხულში ამ კლუბთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”, – ამბობს ლევან მჭედლიძე.
შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე წლების განმავლობაში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც ევროპის წამყვან ჩემპიონატში თამაშობდა. “ემპოლის” რიგებში მჭედლიძემ 75 შეხვედრაში 11 ბურთი გაიტანა (ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი “მილანელი” დონარუმას კარში აგერ ფოტოზეა).
გეტყვით იმასაც, რომ ლევან მჭედლიძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings