საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში პირველად ბათუმის “დინამო” გახდა.
ევროსარბიელზე კი თბილისის “დინამო”, გორის “დილა” და საქართველოს თასის გამარჯვებული “საბურთალო” ითამაშებენ.
განვლილი სეზონი სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა და ევროსარბიელზე გამსვლელ გუნდებს წარმატებები უსურვა.
“დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა საფეხბურთო გარემოთი. წელს უამრავი საინტერესო და დაძაბული მატჩი, ლამაზი გოლი და დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობა ვიხილეთ. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე თითოეულ კლუბს, ფეხბურთელს, მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიხარულსა და საფეხბურთო ემოციებს ანიჭებდა. განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ამხნევებდა და გვერდით ედგა საყვარელ კლუბს. ბათუმის დინამოს ვულოცავ ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ბოლნისის სიონს ლიგა 2-ში პირველი ადგილის დაკავებას და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებას, საფეხბურთო კლუბ გაგრას კი, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებას.მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენ კლუბებს ევროსარბიელზე. 2022 წელს კი მჯერა, რომ თქვენი ყველას ჩართულობით კიდევ უფრო დაუვიწყარი სეზონი გველოდება“, – წერს კობიაშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings