პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” “რაგბი ევროპის სუპერთასის” მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ავჭალის სარაგბო სტადიონზე პენზას “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება, რომლებსაც პენზაში 27:11 მოუგეს.
მატჩამდე Sport4me.ge-ს საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მგეზავი ლაშა ხმალაძე ესაუბრა.
“პენზელებთან პირველი მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ საკმაოდ რთული გამოვიდა. ვფიქრობ, ახლა უფრო რთული თამაში იქნება. თან რამდენიმე მოთამაშეც არ გვეყოლება. მერაბ შარიქაძე, სალვა მამუკაშვილი და აკაკი ტაბუცაძე სანაკრებო მატჩების შემდეგ, მწვრთნელთა გადაწყეტილებით, “ლოკომოტივთან” დაისვენებენ, მაგრამ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი და შევეცდებით ქართველი გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე მოვა, ლამაზი რაგბით გავახაროთ.
ფრენჩაიზი ქართული რაგბის პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მატჩების მოგებაზე მეტად, ნაკრებისთვის მომზადება და მუდმივად ტონუსში ყოფნაა აუცილებელი”, – თქვა ლაშა ხმალაძემ.
“შავი ლომის” და პენზას “ლოკომოტივის” მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და მას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობაც დაესწრება.
GIPHY App Key not set. Please check settings