კრიშტიანუ რონალდოს იუვენტუსის დატოვება სურს, ამიტომ მისი აგენტი ტურინში ჩავიდა. ჟორჟე მენდეში ცდილობს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 36 წლის ფეხბურთელს ახალი გუნდი მოუძებნოს.
მენდეში აეროპორტიდან პირდაპირ რონალდოს სახლში მივიდა, სადაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ესაუბრა. იტალიური მედიის ინფორმაციით, რონალდოს აგენტი ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასაც შეხვდება.
კრიშტიანოს შეძენით ამ დროისთვის მხოლოდ მანჩესტერ სიტია დაინტერესებული, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელებს რონალდოში ფულის გადახდა არ უნდათ. მეორე მხრივ, იუვენტუსი არ აპირებს ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებას. იუვე რონალდოს დაახლოებით 30 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ასევე ძალიან მოსწონს გაბრიელ ჟეზუში და მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელში გაცვალოს. ყველაფერს ის ართულებს, რომ “ქალაქელებს” არც სამხრეთამერიკელ თავდამსხმელთან განშორება სურთ. სიტის მიზანი ნათელია – რონალდოს უფასოდ დამატება, რაზეც იუვენტუსის დათანმხება რთული იქნება.
რომანო ტვიტერში იმასაც წერს, რომ პარი სენ-ჟერმენი ამჟამად კრიშტიანოს დამატებით დაინტერესებული არ არის, თუნდაც გუნდი კილიან მბაპემ დატოვოს. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და 36 წლის თავდამსხმელის მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.
კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან გადავიდა (134 მატჩი, 101 გოლი) და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
GIPHY App Key not set. Please check settings