in

კონტეს კვარაცხელია პარიზისთვის არ ემეტება, მაგრამ… ნაპოლიმ მაინც დაიწყო შემცვლელის ძებნა…

იტალიური და ფრანგული მედია კარგა ხანია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება “პარი სენ-ჟერმენს” სურს. როგორც ითქვა, პარიზული გრანდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კილიან მბაპეს შეელია, მის შემცვლელად ქართველ გარემარბს მოიაზრებს და მზად არის, მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კონტრაქტის დეტალებზე დაზუსტებულ ინფორმაციას გვაწვდის ნეაპოლური გამოცემა “ილ მატინო”, რომელიც წერს, რომ პსჟ კვარაცხელიას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, 10 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ამასთან, სწორედ ხვიჩას საკუთრება იქნება მბაპეს 7-ნომრიანი მაისურა. ამის მიუხედავად, “ნაპოლი” ყველაფერს აკეთებს “კვარას” შესანარჩუნებლად. ჩვენთვის საინტერესო თემაზე წერს “კორიერე დელო სპორტი”.

როგორც პოპულარული იტალიური გამოცემა წერს, “ნაპოლის” მომავალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხვიჩას გაშვებას “პარი სენ-ჟერმენში”.

კონტე ითხოვს გარანტიას, რომ კლუბის ხელმძღვანელობა შეძლებს იმ 4 ფეხბურთელის (ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, ფრანკ ანდრე ზამბო-ანგისა და სტანისლავ ლობოტკა) შენარჩუნებას, ვის გარშემოც აპირებს კონტე ახალი “ნაპოლის” მშენებლობას.

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანახმაა, ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს. გარდა ამისა, ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, სასურველი ნომერი აირჩიოს მომავალი სეზონისთვის.

როცა კვარაცხელია მივიდა “ნაპოლიში”, მას 7-ნომრიანი მაისურა სურდა, თუმცა მაშინ ეს არ მოხერხდა, რადგან “შვიდიანი” “ნაპოლის” ჩრდილომაკედონიელ ნახევარმცველს, ელიფ ელმასს ეცვა. ახლა ელმასი ნეაპოლური კლუბის წევრი აღარ არის, ასე რომ…

ამასობაში, “ნაპოლიში” ხვიჩას შემცვლელის ძებნა მაინც დაიწყეს, რადგან თუ დე ლაურენტისისთვის მისაღები შეთავაზება იქნა, რატომაც არა?! ხელშეუხებელი მოთამაშე არ არსებობსო, – თქვა მან ამასწინათ და სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ჯერჯერობით, პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 80 მილიონი ევრო არ აწყობს და გაზრდილ შეთავაზებას ელოდება.

რაც შეეხება ხვიჩას სავარაუდო შემცვლელს, პორტუგალიური მედიის ცნობით, ეს შეიძლება იყოს “სპორტინგის” 25 წლის გარემარბი პედრო გონსალვეში.

ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე წერს “ფუტბოლ იტალიაც”. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან, უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კვარაცხელიას იტალიური კლუბიდან წასვლა სურს. ეს მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიში” შესაძლოა ანტონიო კონტე მივიდეს.

ამ დროისთვის ქართველ ფეხბურთელს იგივე კონტრაქტი აკავშირებს “ნაპოილისთან”, რომელიც მან კლუბთან 2022 წლის ზაფხულში გააფორმა – მას შემდეგ, რაც “ნაპოლიში” ბათუმის “დინამოდან” გადავიდა. მისი სეზონური ანაზღაურება მხოლოდ 1,5 მილიონი ევროა.

“საუდის არაბეთის კლუბებისგან ინტერესის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის, “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან კი არის ინტერესი და შეთავაზება. ახლა ყველაფერი “ნაპოლიზე” და დე ლაურენტისზეა დამოკიდებული”, – უთხრა ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ჟურნალისტ ალფრედო პედულას.

“ისიც აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის განმავლობაში კვარაცხელია არაერთხელ გაღიზიანდა, როცა “ნაპოლის” მწვრთნელები თამაშის დროს ცვლიდნენ. გარდა ამისა, ის გაღიზიანებული იყო მაშინაც, როცა ხშირად ხვდებოდა ფეხებში მოწინააღმდეგის მცველებისგან”, – წერს გამოცემა.

კვარაცხელიას თემაზე წერს ასევე “სპორტ ზონის” ფრანგული განყოფილება. ეს გამოცემა ვარაუდობს, რომ კვარაცხელიას სურს “ნაპოლის” დატოვება, რადგან არ არის აღფრთოვანებული ანტონიო კონტეს იდეებით.

მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი 3-5-2 ტაქტიკურ სქემას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა გაცილებით შორს იქნება მეტოქის კარისგან და ეს მის იმედგაცრუებას გამოიწვევს. კვარაცხელიას მისვლა “პარი სენ-ჟერმენში” გულშემატკივრებს შედარებით დაუამებს მბაპეს წასვლით გამოწვეულ “იარებს”.

ჩვენის მხრივ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ის დიდი სატრანსფერო აჟიოტაჟი, რომელიც ხვიჩას გარშემოა ატეხილი, უარყოფით კვალს არ დაამჩნევს მის თამაშს ევროპის კარსმომდგარ ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებს ხომ ჰაერივით სჭირდება კარგ ფორმაში მყოფი ლიდერი!..

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საბას შოუ – ლობჟანიძემ მესისთან დუბლი შეასრულა

თურქეთს საქართველოსთან დაწყება უხარია