საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის მინდორს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ ავსტრიული Laola1 წერს.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო 2 სექტემბერს, როდესაც ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოს დაუხვდა. ის თამაში 0:1 დასრულდა, ოთარი კი შეხვედრის სტარტზევე დაშავდა და მე-12 წუთზე ადგილი ჯაბა ჯიღაურს დაუთმო.
თავდაპირველი ვერსიით, კიტეიშვილს დაახლოებით 1 თვე უნდა გაცდენოდა, რა შემთხვევაშიც, ავსტრიული ბუნდესლიგის სტარტის გარდა, უეფას ევროპის ლიგაზე ფრანგულ “მონაკოსთან” და ნიდერლანდურ პსვ-სთან მატჩებსაც გამოტოვებდა. სიტუაცია შეიცვალა მაგნიტო-რეზონანსული კვლების შემდეგ, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ავსტრიაში ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, ოთარს მხოლოდ “კუნთის უმნიშვნელო სტრუქტურული დაზიანება” აქვს და თამაშს მალე შეძლებს.
მოსალოდნელია, რომ “შტურმი” მაინც არ გარისკავს და კიტეიშვილს არ დატვირთავს ბუნდესლიგის მომდევნო ტურში. კვირას, 12 სექტემბერს გრაცელები კლაგენფურტის “აუსტრიას” ეთამაშებიან, შემდეგი კვირიდან კი ქართველი ლეგიონერის მინდორზე გამოჩენას უნდა ველოდოთ.
“შტურმმა” მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, პირველი კი ზალცბურგია 18 ქულით. 25 წლის კიტეიშვილმა მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო და მის აქტივში 1 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings