ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონი დასრულდა, რამდენიმეში კი ბოლო ტურებია და მალე გაირკვევა თუ როგორ დაასრულებენ სეზონს ქართველი ლეგიონერები.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფე” “ესპანიოლს” ესტუმრა და ფრეს დასჯერდა – 1:1. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი სათადარიგო იყო.
ქართული დუელი შედგა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში. ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” გურამ გიორბელიძის და ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. კიტეიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სეზონში მეხუთე საგოლე პასი შეასრულა. საპირისპირო მხარეს ლოჩოშვილი თადარიგში იყო. გიორბელიძე კი, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. 24 მაისს, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად, “ვოლფსბერგერს” “ჰარტბერგსა” და “აუსტრიას” შორის გამარჯვებულთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
დანიის პირველ დივიზიონში უმაღლეს დივიზიონში გადასავლელი ჯგუფის შეხვედრა გამართა ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგმა” “კიოგესთან” და 2:1 დაამარცხა. პარუნაშვილი მოედანზე 80-ე წუთზე გამოჩნდა.
ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას “ლევადია” თასის გათამაშების ფინალში “ფლორას” (ბეგლარიშვილის ყოფილი კლუბი) დაუპირისპირდა, 1:0 მოუგო და მეათედ დაეუფლა საპატიო ჯილდოს. ქართველებმა ფინალში შეუცვლელად ითამაშეს.
ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” “პოჰანგს” უმასპინძლა და 84-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 66-ე წუთამდე ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings