საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. წარმატებული ინდივიდუალური შედეგების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც ბრწყინვალედ იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ ნომრად განთესილ საფრანგეთს 4:2 მოუგო. თავიანთი ბრძოლები გელა ზაალიშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა და მარიამ ჭანტურიამ მოიგეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი დამარცხდნენ.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტები მასპინძელ უნგრეთს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 იმარჯვეს. გადამწყვეტი იყო ლუკა კაპანაძის ბრძოლები, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო. მის გარდა, საქართველოს ქულები ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა მოუტანეს, ხოლო მარიამ ჭანტურიამ, საბა ინანეიშვილმა და ნიკა ხარაზიშვილმა თავიანთ ბრძოლებში მარცხი განიცადეს.
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. საქართველო ეთერ ლიპარტელიანმა დააწინაურა, შემდეგ რუსებმა ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ 3 ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს, ბოლოს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილის შეხვედრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ქართველმა რუს მეტოქეს გაფრთხილებებით მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings