იენს ლემანს WhatsApp-ში გაგზავნილი რასისტული შინაარსის შეტყობინება ძვირად დაუჯდა. ბერლინის “ჰერტას” ინვესტორმა ლარს ვინდჰორსტმა 51 წლის ყოფილი მეკარე კლუბის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“მრჩევლის კონტრაქტი, რომელიც იენს ლემანს ჩვენთან აკავშირებდა, გაწყდება. ეს “ჰერტას” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაა”, – განუცხადა ვინდჰორსტის პრეს-მდივანმა ანდრეას ფრიტცენკიოტერმა “ბილდს”.
“ჰერტას” პრეზიდენტმა ვერნერ გეგენბაუერმა ორშაბათს დილიდან საგანგებო თათბირი მოაწყო, სადაც იმის შესახებ ისაუბრა, რომ კლუბში რასისტული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ლემანმა სკანდალური შეტყობინება დენის აოგოს შემთხვევით გაუგზავნა. დიდი ალბათობით, ლემანს ამ ტექსტის გაგზანა ტელეკომპანია Sky-ს რომელიმე ხელმძღვანელთან სურდა, რეალურად კი, ლემანის შეტყობინება WhatsApp-ში გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აოგომ მიიღო – სწორედ იმან, ვის შესახებაც იენსი წერდა.
“ისე, დენისი თქვენი Quotenschwarzer-ია?” – წერს ლემანი და კითხვას სიცილის სმაილით ამთავრებს.
Quotenschwarzer ასე ითარგმნება: “კვოტირებული შავი”. ანუ, კითხვას შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს: “დენის აოგო ის შავია, რომელიც აუცილებლად უნდა გყავდეთ?”
34 წლის აოგო Sky-ზე ექსპერტად მუშაობს. წუხელ ის ხსენებულ ფასიან ტელევიზიაში “სიტისა” და პსჟ-ს მატჩს უკეთებდა ანალიზს. მას ლემანის მესიჯი WhatsApp-ში მატჩის შემდეგ მიუვიდა და მანაც ეს შეტყობინება ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც 81 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
“WOW, სერიოზულად? ამ შეტყობინებას ალბათ მე არ მიგზავნიდი!!!” – წერს აოგო.
ლემანმა ბოდიშიც მოიხადა და თავიც იმართლა:
“დენისს უკვე ვესაუბრე ტელეფონით და პატიება ვთხოვე, თუკი ჩემი სიტყვები უპატივცემულოდ და უდიერად გამოჩნდა. ასე ნამდვილად არ მიგულისხმია, არამედ პოზიტიურად ვიგულისხმე. Sky-ს ექსპერტის რანგში იგი საკმაოდ კარგია, მცოდნე და ინფორმირებული. ამიტომაც ის Sky-ს რეიტინგს, კვოტას მაღლა წევს. ჩემი მესიჯით სწორედ ამის თქმა მინდოდა, მაგრამ უნებლიედ ცუდად გამომივიდა. რაკი ეს შეტყობინება ჩემი მობილური ტელეფონიდან გაიგზავნა, პასუხისმგებლობასაც ვიღებ. ეს პირადი შეტყობინება იყო”.
ლემანს არ უთქვამს, ვისთვის სურდა რეალურად ამ შეტყობინების გაგზავნა.
GIPHY App Key not set. Please check settings