საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს და დღეს, აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ლიმასოლში მიმდინარე ევრობასკეტის C ჯგუფში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-4 შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ მასპინძელი კვიპროსი 93:61 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯუფიდან გასასვლელ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენს ეროვნულ გუნდს ჯგუფში დარჩენილი ერთი შეხვედრა ბოსნიასთან აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გარანტირებულად გადის.
თუმცა დღეს, C ჯგუფის მე-4 ტურის ბოლო მატჩში ისეთი შედეგი დაფიქსირდა, საქართველოს ბოსნიასთან მარცხის სანახევრო დაზღვევად გამოდგება. იტალიამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ესპანეთი, რითაც ჯგუფში პირველი, ან მეორე ადგილი გაინაღდა. მთავარი კი ისაა, რომ თუკი ბოლო ტურში საქართველო ბოსნიასთან დამარცხდება, ჯგუფიდან გამსვლელ მე-4 ადგილზე მაინც გავა, თუკი სულ ბოლო შეხვედრაში საბერძნეთი ესპანეთს მოუგებს. ასეთ შემთხვევაში მესამეზე ბოსნია გადის, მეოთხეზე საქართველო და ესპანეთი მე-5 ადგილზე, ანუ ჯგუფში რჩება.
რა თქმა უნდა, საქართველო ბოსნიასთან მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს, მაგრამ მათემატიკურად, წაგების შემთხვევაშიც რჩება (არცთუ ურიგო) შანსი და ეს იტალიის ესპანეთთან გამარჯვების დამსახურებით. დღევანდელი ტურის პირველ მატჩში კი ბოსნიამ მანამდე წაუგებელ საბერძნეთს სძლია და ელადელთა პოზიციები შეირყა. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, საქართველოს ბოსნიასთან გამარჯვება უნდა და საწადელს რომ მიაღწიოს, პლეი ოფში გასვლას გაინაღდებს, თუმცა ჯგუფში მე-3 ადგილზე გავა თუ მე-4-ზე, ამას ბოლო მატჩის: საბერძნეთი-ესპანეთის დასრულების შემდეგ გაიგებს. ესპანეთმა რომ იმარჯვოს, საქართველო მეოთხეზე გავა, საბერძნეთის გამარჯვების შემთხვევაში კი – მესამეზე.
ეს ყველაფერი მარჩიელობაა, ნაღდი კი ისაა, რომ საქართველომ კვიპროსთან რეკორდები გააუმჯობესა. თავშივე ვთქვით, რომ 32-ქულაინი გამარჯვება ჩვენი ნაკრებისთვის ევრობასკეტებზე რეკორდულია. ამასთან, ევროპის ჩემპიონატის მატჩში 15 სამქულიანი არასდროს ჩაგვიგდია. რეკორდულია ასევე შედეგიანი გადაცემები, რამაც 26 შეადგინა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 25:33 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კაპიტანმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, რაც საქართველო ნაკრების კალათბურთელებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული შედეგია. არანაკლებ შედეგიანი იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 1 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა დუდა სანაძემ, რომელმაც 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და ევრობასკეტებზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

მატჩის შემდეგ კონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ გააჟღერა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ღირსეული წევრის – გიორგი შერმადინის გადაწყვეტილება, რომელმაც ნაკრებიდან წასვლა ნოემბრის თვემდე გადადო. მოგეხსენებათ, შერმადინს ნათქვამი ჰქონდა, რომ ევრობასკეტის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება კიდევ 2 მატჩით გადაავადა. ის ნაკრებში თამაშს მსოფლიოს 2027 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი ფანჯრის შემდეგ დაანებებს. საქართველოს ნაკრები ამ თვეში უკრაინას თბილისში უმასპინძლებს, ესპანეთს კი ტენერიფეში, სწორედ იმ ქალაქში დაუპირისპირდება, სადაც შერმადინი კლუბში თამაშობს.

ჩვენი ჯგუფი 3 სექტემბერს ისვენებს, ხოლო ბოლო ტურის მატჩები 4 სექტემბერს გაიმართება. თბილისის დროით 13:00 საათზე საქართველო ბოსნიას დაუპირისპირდება.

GIPHY App Key not set. Please check settings